ახალი ამბები

ხიდაშელი: ჩემი მიზანია, ვარშავიდან წამოვიღოთ შეთანხმება, რომელიც თავდაცვისუნარიანობას გაზრდის

4 აპრილი, 2016 • 1465
ხიდაშელი: ჩემი მიზანია, ვარშავიდან წამოვიღოთ შეთანხმება, რომელიც თავდაცვისუნარიანობას გაზრდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატოს სამიტზე ვარშავაში, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება, საქართველო მაპს არ მოითხოვს.

“ჩვენ ვარშავის სამიტზე მაპს არ ვითხოვთ.  არ უნდა ველოდოთ და არ ვითხოვთ, – ეს სხვადსხვა ამბავია. არ ვითხოვთ იმიტომ, რომ ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გასულ წელს გაცილებით უფრო წინ წაწეული, გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატოსკენ. ამიტომ ამას არ ვითხოვთ. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი ამოცანაა, ვარშავის სამიტიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ სამიტი ხშირად ემთხვევა ალიანსის მნიშვნელოვან მომენტებს.
“სამიტებზე ხდება ახალი პოლიტიკის წარდგენა, ალიანსში ახალი წევრების მოწვევა, ძირითადი ინიციატივების წამოწყება და პარტნიორობის გაძლიერება”.

სამიტზე შეხვედრები ნატოს წევრი სახელმწიფოების ყველაზე მაღალ, მთავრობის მეთაურების დონეზე იმართება. 1949 წლიდან მოყოლებული ნატო-ს 26 სამიტი გაიმართა. უკანასკნელი სამიტი 2014 წლის სექტემბერს უელსში ჩატარდა. მომდევნო კი – 2016 წლის ივლისში პოლონეთში ჩატარდება.  სამიტები ყოველთვის ნატოს წევრ ქვეყნებში იმართება და ნატოს გენერელური მდივანი თავმჯდომარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი