ახალი ამბები

პრემიერი: ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაცია მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

4 აპრილი, 2016 • 1623
პრემიერი: ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაცია მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო.

“არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფთება ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო. ჩვენ გვინდა, დიდი იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია ჩვენს სამეზობლოში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ,”- განაცხადა მან.

დღეს, 4 აპრილს, სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით საქართველოში ნატო-ს კვირეული დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში მკაფიო გზავნილს ელოდება.

2 აპრილის ღამეს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგე მხარეებს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანის კუთვნილი ვერტმფრენი მოწინააღმდეგე მხარემ ჩამოაგდო. როგორც ბაქო, ასევე ერევანი აცხადებენ, რომ დაღუპული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, ორივე მხარე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, – არ დაუშვან სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი