ახალი ამბები

შეფერხება თბილისის მეტროში

26 აგვისტო, 2011 • • 1621
შეფერხება თბილისის მეტროში

დღეს დილით, 10 საათამდე, თბილისის მეტროს მუშაობა რამდენიმე საათით იყო შეფერხებული. მატარებლები მხოლოდ ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე და პირიქით მოძრაობდნენ. მეტროპოლიტენის თანამშრომლების თქმით, ტექნიკური პრობლემა ერთ–ერთ შემადგენლობას შეექმნა.

მეტროპოლიტენის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ერთ–ერთი მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა, მემანქანემ მატარებლის გაჩერებამდე მიყვანა შეძლო და მგზავრები მეტროდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. რამდენიმესაათიანი შეფერხება კი გაფუჭებული მატარებლის ხაზიდან გადაყვანას მოჰყვა. მეტროსადგურ “რუსთაველისა” და “თავისუფლების მოედნის” თანამშრომლები მგზავრებს აფრთხილებდნენ, რომ მატარებლები 15–20–წუთიანი შუალედით მოძრაობდნენ, თუმცა, 20–წუთიანი ლოდინის შემდეგ მგზავრთა უკმაყოფილებამ იმატა, რასაც მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. უკმაყოფილო მგზავრები მეტროს თანამშრომლებს უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდნენ. ნეტგაზეთი თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან შეეცადა გაერკვია მომხდარის რეალური მიზეზი, თუმცა, მათთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

მატარებლების მოძრაობა სრულად დაახლოებით 10:00 საათზე აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი