
მეტროპოლიტენის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ერთ–ერთი მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა, მემანქანემ მატარებლის გაჩერებამდე მიყვანა შეძლო და მგზავრები მეტროდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. რამდენიმესაათიანი შეფერხება კი გაფუჭებული მატარებლის ხაზიდან გადაყვანას მოჰყვა. მეტროსადგურ “რუსთაველისა” და “თავისუფლების მოედნის” თანამშრომლები მგზავრებს აფრთხილებდნენ, რომ მატარებლები 15–20–წუთიანი შუალედით მოძრაობდნენ, თუმცა, 20–წუთიანი ლოდინის შემდეგ მგზავრთა უკმაყოფილებამ იმატა, რასაც მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. უკმაყოფილო მგზავრები მეტროს თანამშრომლებს უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებდნენ. ნეტგაზეთი თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან შეეცადა გაერკვია მომხდარის რეალური მიზეზი, თუმცა, მათთან დაკავშირება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.
მატარებლების მოძრაობა სრულად დაახლოებით 10:00 საათზე აღდგა.
