ზურაბ ტყემალაძე: ლიბერალებთან ჩვენ არასდროს ვითანამშრომლებთ

ლიბერალებთან ჩვენ არასდროს ვითანამშრომლებთ, – ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” წევრმა ზურაბ ტყემალაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას გააკეთა.

“მრეწველები” საკუთარ პოლიტიკურ ძალებში დარწმუნებული არიან. პარტიის ლიდერები მოახლოებულ არჩევნებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ლიბერალებთან არ ითანამშრომლებენ.

“პოლიტიკური პარტიები არსებობენ: მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები და ლიბერალები. ესენი არიან განსხვავებული პოლიტიკური მიმართულებები, მაგრამ ამავე დროს გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასდროს არ ვითანამშრომლებთ,” – განუცხადა “რუსთავი 2”-ს ზურაბ ტყემალაძემ.

როგორც ტყემალაძე აცხადებს, მათ ყველა არჩევნებში აქვთ ბარიერი გადალახული. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ასე იქნება.

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ფრაქცია “მრეწველებს” სულ 6 დეპუტატი წარმოადგენს. პარტიის თავმდჯომარე გოგი თოფაძეა, ხოლო გენერალური მდივანი – ზურავ ტყემალაძე. მათ გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციას წარმოადგენენ დემურ ბაშელეიშვილი, გიორგი კახიანი, პაატა კიკნაველიძე და თამაზ ყაჭეიშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.