ახალი ამბები

საია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის პროცესში ხარვეზებზე საუბრობს

1 აპრილი, 2016 • 1588
საია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის პროცესში ხარვეზებზე საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წლის დეკემბერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 65 საარჩევნო ოლქში 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ კონკურსზე დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

“წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულება პრობლემურ ნორმებს შეიცავდა, რადგან გასაუბრების გარეშე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვერ უზურნველყოფდა კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრას,”- აცხადბს საია.

მათივე განცხადებით, იმისათვის, რომ თითოეული კანდიდატის მიმართ მიღებული ყოფილიყო დასაბუთებული გადაწყვეტილება, საიამ მოუწოდა ცესკოს, გადაეხედა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესისათვის და შემოეღო გასაუბრება, როგორც კონკურსის სავალდებულო ეტაპი. თუმცა საია აღნიშნავს, რომ ცესკომ კონკურსის ჩატარების წესი ამ კუთხით არ შეცვალა  და კონკურსი არსებული რეგულაციით ჩაატარა.

საია აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცედურა ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდა, თუმცა ცესკოს  გადაწყვეტილებები  განხილვის გარეშე მიიღეს. შედეგად, ცესკოს მხრიდან არ მოხდა მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და ახსნა იმისა, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი კონკრეტულ კანდიდატს ან რატომ სჯობდა ერთი კანდიდატი მეორეს. ჩვენი ინფორმაციით, კანდიდატებს, რომლებიც არ შეირჩნენ, არ განემარტათ მათ მიმართ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი.

გარდა ამისა, საიას ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევებში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროფესიული ნიშნით ის პირები აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად, რომლებიც წინა არჩევნებზე პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული კომისიის წევრებად საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები არ წარმოადგენს კანონის დარღვევას, მსგავსი ტენდენციის არსებობა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მიზანს – პროფესიული ნიშნით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევისას საარჩევნო ადმინისტრაცია დააკომპლექტოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური წევრებით,”- აღნიშნულია ანგარიშში.

საიას ინფორმაციით, გადამოწმებული 22 საოლქო საარჩევნო კომისიის მაგალითზე, არჩეული პირებიდან 42 პირის მიმართ დადგინდა მათი პოლიტიკური გაერთიანებებთან შემხებლობის საკითხი. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პირები გასული პერიოდის არჩევნებში (2012- 2014) სხვადასხვა პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული საარჩევნო კომისიებში წევრებად: როგორც უბანში, ასევე ოლქებში. საიას განცხადებით, ამ პერიოდში ყველაზე მეტი კომისიის წევრი დანიშნულია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რესპუბლიკელები, კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი) მიერ. მაგალითად, 42 წევრიდან 34 წევრი (81 %) დანიშნულია კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ ჯამურად, ხოლო 8 წევრი (19%) დანიშნულია სხვა პარტიების მიერ (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობა და ევროპელი დემოკრატები.)”

saia

 

საიას განცხადებით, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას იმავე წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული  პროფესიული კავშირის 24 მოქმედი წევრიც იღებდა, რომელთაგან ყველა მათგანი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, 24 პირიდან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ახალი ვადით მხოლოდ იმ წევრის არჩევა მოხდა, რომელმაც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი ინიციატივით დატოვა პროფესიული კავშირი.

“ეს კი  გარკვეულ კითხვებს აჩენს განხორციელებული კონკურსის ობიექტურობასა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა არადისკრიმინაციულად შერჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, 2016 წლის 30 მარტს საიამ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასარჩელო მოთხოვნას ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენს,”- აღნიშნავს საია.

საიას განცხადებით, მნიშვნელოვანია დაიხვეწოს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, რათა საარჩევნო კომისიების წევრების გამოვლენა ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურის მეშვეობით განხორციელდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი