ახალი ამბები

პროკურატურა: სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ აუტვირთავთ

1 აპრილი, 2016 • 1281
პროკურატურა: სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ აუტვირთავთ

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოს ტერიტორიიდან არ არის ატვირთული.

ეს განცხადება დღეს, 1 აპრილს, მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილე მამუკა ვასაძემ გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივ ატაშე ქეთლინ კენინგთან ერთად. ვასაძემ პრესკონფერენციაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და მცირე დეტალები საჯარო გახადა.

“შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპექტებულია შსს-ს, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებით, ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირობის გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 SIM ბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 გარე მეხსიერების მყარი დისკი, ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა”, – განაცხადა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, მოწმის სახით გამოკითხულია 50-მდე პირი და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნილია სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა.

შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კუთხით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი