ახალი ამბები

მთავარი პროკურატურა ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს

31 მარტი, 2016 • 3032
მთავარი პროკურატურა ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა განცხადების ავრცელებს ინტერნეტსივრცეში ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით.  თუმცა უცნობია, რა მუხლით და  დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება 31 მარტს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით.

“უკანასკნელ პერიოდში ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა სახის ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ აღნიშნულ თემაზე საჯარო სივრცეში გავრცელებულ ყველა განცხადებასა თუ შეტყობინების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება ხსენებულ შეტყობინებებში დაფიქსირებული ფაქტების ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს და გავრცელების მცდელობის დადგენა-პრევენციის მიზნით.

აღნიშნული შეტყობინებებისა და განცხადებების გადამოწმებისას ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება  და გაირკვა, რომ უმეტეს შემთხვევაში საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს.

ყველა გაურკვეველი წარმოშობის ვიდეოფაილის გავრცელების მცდელობისას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება და  გავრცელების პრევენციის მიზნით  ვიდეოფაილების სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე  უმოკლეს დროში  დაბლოკვა. ასევე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ვიდეოფაილის ავთენტურობის, წარმოშობის წყაროს  და გამავრცელებლის  დადგენა-იდენტიფიცირების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს   თანამშრომლებისგან შემდგარი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ხსენებულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. ასევე, საქართველოს პროკურატურა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აქტიურად თანამშრომლობს უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ 31 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში ამ დროისთვის “ნეტგაზეთის” დამეტებით კითხვებს არ პასუხობენ.

31 მარტს Youtube -ზე კვლავ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ვიდეოს გამომქვეყნებლების განცხადებით ასახულია ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება. თუმცა გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლის ავთენტურობა გამოკვლეული არ არის,  არ იყო იდენტიფიცირებული რომელიმე პოლიტიკოსი.  

ვიდეო ასევე კვლავ შეიცავდა მუქარას ერთ-ერთი ჟურნალისტის მიმართ.

“რუსთავი 2”-ის ცნობით პროკურატურაში მიმდინარეობს ჟურნალისტ მაკა რაზმაძის დაკითხვა, რადგანაც ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას აღნიშნული ვიდეო ლინკი გამოუქვეყნეს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

თავდაპირველად 11 მარტს გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები ინტერნეტში, რომელზეც ვიდეოს გამავრცელებელი მიუთითებდა, რომ ასახული იყო ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება.  ამ ვიდეო გავრცელებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157 -ე მხულის მეორე ნაწილით, [პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა , პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ანდა გავრცელება ამა თუ იმ ხერხით]. დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ასევე უცნობია დადგინდა თუ არა ვიდეო მასალის ავთენტურობა.

14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო მასალა გამოქვეყნდა, რომელზეც ასახული იყო არაიდენტიფიცირებადი ადამიანების სექსულური ცხოვრება და ჩანაწერი შეიწავდა მუქარას ქართველი პოლიტიკოსების და ჟურნალისტის მიმართ. ამ ფაქტზეც იგივე მუხლით დაიწყო გამოძიება და დღემდე საზოგადოებისთვის ასევე უცნობია გამოძიების შედეგები.

პროკურატურამ 15 მარტს განაცხადა, რომ დახმარებისთვის აშშ-ს “კომპეტენტურ ორგანოებს” მიმართა, თუმცა ასევე დღემდე უცნობია მიიღო თუ არა ასეთი დახმარებამ საქართველოს პროკურატურამ.

მოქალაქეები და კამპანია “ეს შენ გეხება” საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი