ახალი ამბები

ბიწაძე განაჩენის მოლოდინში

17 აგვისტო, 2011 • • 1701
ბიწაძე განაჩენის მოლოდინში

ბადრი ბიწაძე სახალხო კრების აქციაზე, 25 მაისი, 2011.
ბადრი ბიწაძე სახალხო კრების აქციაზე, 25 მაისი, 2011.

”ეს საქმე გამოგონილია, შეთხზულია, მოწმეთა ჩვენებები არ ემთხვევა. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი” – ასე დაასრულა თავისი საბოლოო სიტყვა ბადრი ბიწაძის ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა. სასამართლო დასრულდა, განაჩენი კი 19 აგვისტოს გამოცხადდება.

სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად ბრალდებული, თუმცა იქ იყვნენ: ბიწაძის ცოლი ნინო ბურჯანაძე, სახალხო კრების ლიდერები – ნონა გაფრინდაშვილი და ირაკლი ბათიაშვილი. პროცესს მათ გარდა ესწრებოდნენ: ეკა ბესელია და გოგა ხაინდრავა, ბადრი ბიწაძის ახლობლები და სახალხო კრების წევრები, ასევე ჟურნალისტები – სულ 30-მდე ადამიანი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან დამსწრეთა რაოდენობის გამო სხდომისთვის უფრო დიდი დარბაზის შერჩევა გახდა საჭირო.

ბადრი ბიწაძეს სამი ადვოკატი იცავს – ლევან სამუშია და იოსებ ბარათაშვილი ოჯახმა დაიქირავა, მერაბ ბეროშვილი კი სახაზინო წესითაა დანიშნული. სახელმწიფო ბრალდებას პროკურორები – პროკოფი ჭანკოტაძე და ირაკლი გოგოლაძე წარმოადგენენ, მოსამართლე კი დალი მეტრეველია.

„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო ბურჯანაძის ქმარს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აქვს წაყენებული. ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა.

პროკურორების თქმით, ბრალდება ბადრი ბიწაძისადმი გამყარებულია „შეფიცულთა რაზმის“ კოორდინატორის, გია უჩავას და სხვა ათეულობით მოწმის ჩვენებით. გია უჩავას აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ბადრი ბიწაძე „შეფიცულების“ მეშვეობით გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას პოლიციის სამმართველოებთან, შეჭრას თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოლოტოვის კოქტეილებისა და ხელკეტების გამოყენებას, რა დროსაც, შესაძლოა, მსხვერპლიც ყოფილიყო. ეს მსხვერპლი კი საზოგადოების პასიურ ნაწილს საპროტეტსო აქციებზე გამოიყვანდა. ხალხის დიდი რაოდენობა კი „სახალხო კრებას“ ხელისუფლების შეცვლის საშუალებას მისცემდა.

ადვოკატების, ლევან სამუშიასა და იოსებ ბარათაშვილის მტკიცებით, ბადრი ბიწაძეს სახალხო კრების არც ერთ საფეხურზე არანაირი თანამდებობა არ ეკავა, ის არ იყო გადაწყვეტილების მიმღები. მათი თქმით, შეფიცულების სიმბოლური ლიდერი გია ბურჯანაძე იყო, რეალური – გია უჩავა, ბიწაძეს კი მათთან საერთო არ ჰქონდა.

ბიწაძის ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, არ აგეთვალისწინებინა გია უჩავას ჩვენება, რადგან ის რეალობას არ შეესაბამებოდა. 17 აგვისტოს პროცესზე ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა გაიხსენა გია უჩავას 29 ივლისს  სასამრთლოზე დაკითხვის დეტალები.

მაშინ  ბარათაშვილმა მოწმეს ჰკითხა, თუ შექმნის დღიდან მაისის შუა რიცხვებამდე ბიწაძეს კავშირი არ ჰქონდა „შეფიცულებთან“ და ყველა გადაწყვეტილებას თავად გია უჩავა იღებდა, რატომ ჩათვალა გია უჩავამ, რომ „შეფიცულთა“ უკან ბურჯანაძის ქმარი იდგა?

მოწმემ ადვოკატს უპასუხა, რომ ამის შესახებ მან მაისის დასაწყისში იმ დროს იეჭვა, როცა ბიწაძემ მოლოტოვის კოქტეილებისა და ძალადობრივი გეგმის შესახებ დაუწყო საუბარი.

„ჩემი ინტუიციით დავასკვენი, მე ვივარაუდე, არავის არ უთქვამს, რომ ის[ბადრი ბიწაძე] ჩემი უფროსი იყო,“ – განაცხადა „შეფიცულთა“ ყოფილმა კურატორმა.

ბიწაძის ადვოკატებმა მოწმეს ასევე ჰკითხეს, თუ ვის, სად, როდის და რამდენი მოლოტოვის კოქტეილი უნდა დაემზადებინა, რაზეც უჩავამ უპასუხა, რომ ეს დეტალები მან არ იცოდა და ის მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ფლობდა.

ამის შემდეგ ყოფილმა გენერალმა განაცხადა, რომ ბადრი ბიწაძემ შეფიცულთა რაზმის თბილისის რაიონული ოფისების კოორდინატორებთან ერთად მას გაუმხილა გეგმა, რომლის მიხედვითაც ბიწაძე მათ დაურიგებდა პოლიციის ფორმებს და იარაღს, რის შემდეგაც პოლიციის ფორმაში გადაცმულ რამდენიმე შეფიცულს „სახალხო კრების“ აქტივისტებისთვის პროვოკაცია უნდა მოეწყო. შედეგად კი ხალხის აგრესია რეალურ პოლიციელებზე უნდა გადასულიყო. მან  აღნიშნა, რომ არ უნახავს „შეფიცულებისთვის“ გამზადებული პოლიციის ფორმები და იარაღი.    მისივე თქმით, განიხილებოდა მოლოტოვის კოქტეილების დამზადება კვერცხის შიგთავსში, ან ბოთლში. უჩავას ინფორმაციით,  ბადრი ბიწაძემ მოლოტოვის კოქტეილის ბოთლში დამზადება არჩია, რადგან კვერცხი შეიძლება, აქტივისტებს სროლამდე ხელში გაუტყდეთო.

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად,  გია უჩავამ ვერ გაიხსენა „შეფიცულთა“  ვერც ერთი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი.

„მე ყველაფერი მავიწყდება, დიდი დრო გავიდა,“ – განაცხა ჯვარედინი დაკითხვისას “შეფიცულთა რაზმის” ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა.

ადვოკატებმა მოსამართლეს სთხოვეს, რომ ”უჩავას მეხსიერების პრობლენმა” სწორედ ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რის გამოც ის უარყოფილი უნდ აიქნეს.

გარდა ამისა, სამუშია და ბარათაშვილი მიიჩნეევენ, რომ პროკურატურამ უჩავასგან აღიარებითი და ბიწაძის საწინააღმდეგო ჩვენება ზეწოლით მოიპოვა. ადვოკატების თქმით, გია უჩავას დაკითხვა 23 მაისს გადაწყდა(როგოორც უჩავამ თქვა, ეს მისი მოთხოვნით მოხდა) და მისი ადვოკატები, ნათია კორკოტაძდე და მანანა კობახიძე დაახლოებით 23 საათზე მივიდნენ. თუმცა, მათ მალევე თვითაცილების საკითხი  დააყენეს, რადგან გაიგეს, რომ უჩავა პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებდა. ლევან სამუშიას ინფორმაციით, მათი აცილების საკითხი გადაწყდა 24 მაისს, 01:50 საათზე, უჩავას დაკითხვა ახალი ადვოკატის – კონსტანტინე ბაძაღუას თანდასწრებით კი 02:07 საათზე დაიწყო. ბიწაძის ადვოკატების თქმით, ტექნიკურად შეუძლებელი იყო 17 წუთში უჩავას ოჯახთან დაკავშირება, მათ მიერ ადვოკატის მოძიება, შეთანხმებნა, ადვოკატის მიერ ორდერის მომზადება, საქმის გაცნობა და დაკითხვისთვის მომზადება. სამუშიასა და ბარათაშვილს მიაჩნიათ, რომ უჩავას დაკითხვა დარღვევებით ჩატარდა და მისი ჩვენება ბიწაძის განაჩენის გამოტანისას არ უნდა გაითვალისწინონ.

ლევან სამუშიას თქმით, პროკურატურამ რესტორან ”ზღაპარში” გადაღებული ფარული ვიდეომასალა ტეელვიზიებით ბიწაძის დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა, რელაურად კი, საქმეში მტკიცებულებად ვერ გამოიყენა. ადვოკატმა ასევე გაიხსენა სასამართლოზე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილსი დაკითხვის ფაქტი, რა დროსაც უტიაშვილმა ვერ გაიხსენა, აღნიშნული ფარულ ვიდეომასალაში ბიწაძისა და სხვა ადამიანების საუბარი შეიცავდა თუ არა დანაშაულის ნიშნებს.

ბიწაძის ადვოკატები ბრალდებულის გამართლებას სხვა მოწმეთა ჩვენებების გაბათილებითაც შეეცადნენ. მათი თქმით, ისინი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთისა და გია უჩავას ჩვენებებს და სასამრთლომ არ უნდა გაითვალსწინოს.

ლევან სამუშიამ ხაზი გაუსვა პრკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ”მოლოტოვის კოქტეილების” პოვნის შესახებ. ადვოკატმა გაიხსენა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის ჩვენება, რომლის მიხედვითაც ამოღებულ ბენზინიან ბოთლებზე თითის ანაბეჭდები არ იყო, გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, ”მოლოტოვის კოქტეილს” სხვა ქიმიური შემადგენლობა აქვს და მისი გაიგივება ბენზინით სავსე ბოთლთან არ შეიძლება. გარდა ამისა, სამუშიამ გაიხსენა  მოწმე ცოტნიაშვილის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, თითქოს მან დაინახა 26 მაისის ღამეს სპეცრაზმელების მიმართულებით როგორ ისროლა ერთმა აქტივისტმა მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც აფეთქდა და ”რუსთაველის გამზირი ცეცხლის ალში იყო გახვეული”.    ადვოკატის თქმით, ეს აბსურდია, რადგან მსგავსი რამ იმ ღამეს რუსთაველზე არ მომხდარა.

პროკურორმა პროკოფი ჭანკოტაძემ დაცვის მხარის საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ, რეპლიკით გამოსვლისას თქვა, რომ ადვოკატებმა მოწმეთა ჩვენებებს არასწორი ინტერპრეტაციები მისცეს.

”შთაბეჭდიელბა დამრჩა, რომ მე არ ვიჯექი ამ პროცესზე და ეს ყველაფერი სხვაგან მოხვდა,” – თქვა პროკურორმა. მისი აზრით, ბრალდება საკმარისად არის გამყარებული და მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

პროცესის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

”მე არ მაქვს მოლოდინი, მე ვიმოქმედებ, რომ მალე შეიცვალოს ეს სასამართლო უმსგავსო ხელისუფლებითურთ. რაც ამ პროცესზე ხდებოდა, ერთი წამით რომ წარმოიდგინო, რომ რეალობაში არ ხდება, შეიძლება მართლა გაგეცინოთ, ეს არის ფარსი. ნამდვილად არ მეგონა, რომ პროკურორები ასეთი უსუსურები იქნებოდნენ იმიტომ, რომ ერთი არგუმენტიც ვერ მოიყვანეს და საცოდავი საყურებლები იყვნენ მართლაც. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ძალიან შემეცოდნენ ეს პროკურორები, რომლებიც ისხდნენ ასე ღირსებააყრილნი და შავზე ამბობდნენ, რომ არის თეთრი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, იმ პროცესების ჯაჭვი ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც უნდა, რომ ამ უსამართლო და დანაშაულებრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს.”

ბადრი ბიწაძის განაჩენი ცნობილი 19 აგვისტოს გახდება.

ამავე თემაზე:

ბიწაძის სასამართლო ბიწაძის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი