ახალი ამბები

რობერტ სტურუა: “მომხსნეს”

16 აგვისტო, 2011 • 1734
რობერტ სტურუა: “მომხსნეს”

რეჟისორი რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

შესაბამისი ბრძანება, რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა აწერს ხელს, რამდენიმე წუთის წინ თავად რეჟისორმა გამოაქვეყნა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ facebook-ში და სტატუსად მიაწერა – „მომხსნეს“. რეჟისორის ამ მოკლე კომენტარს სოციალურ ქსელში უმარავი ადამიანი გამოეხმაურა.

ბრძანება 9 აგვისტოსაა გამოცემული და მასში მითითებულია, რომ სტურუა თანამდებობიდან 2011 წლის 15 აგვისტოდან თავისუფლდება სახელმწიფო თეატრების შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: “სახელმწიფო თეატრის სამსახტვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტრო, ხოლო სახელწმიფო თეატრში, რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს თვითმმართველოს ერთეულის ბიუჯეტი, სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარდგინებით”.

ცნობილი რეჟისორის თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რობერტ სტურუა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. მან მიხეილ სააკაშვილი ეთნიკურ სომეხად მოიხსენია და აღნიშნა, რომ საქართველო ეთნიკურად არაქართველი პრეზიდენტის მისაღებად მზად არ იყო.

13 ივლისს კი  მედია-კავშირ “ობიექტივთან” საუბრისას რობერტ სტურუამ განაცხადა, რომ ის თეატრიდან საკუთარი ნებით არ წავიდოდა:  “მე ტრადიციას არ დავარღვევ… ჩვენი თეატრის ხელმძღვანელები, ზოგი დაიჭირეს და ზოგიც დახვრიტეს. ჰოდა, რადგანაც იმუქრებიან, კეთილი ინებონ და მეც თავად გამიშვან თანამდებობიდან”.

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი 1980 წლიდან ეკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი