ახალი ამბები

პრემიერი: საქართველო გახდება ქვეყანა, რომელზეც 1991წლის 31 მარტს ვოცნებობდით

31 მარტი, 2016 • 1145
პრემიერი: საქართველო გახდება ქვეყანა, რომელზეც 1991წლის 31 მარტს ვოცნებობდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებისას რეფერენდუმის დღის თარიღს, 1991 წლის 31 მარტს გამოეხმაურა. სწორედ ამ დღეს ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველთა 98,9%-მა მხარი დაუჭირა  1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

მან განსაკუთრებით აღნიშნა ამ პროცესში ზვიად გამსახურდიას როლი:

„25 წლის წინ ქართველმა ხალხმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ მისი შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ.  ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მოტანილი – მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ, არიან მთავრობის ახალგაზრდა წევრები და შეიძლება არ ახსოვდეთ, ყველა ჩვენგანის გულებში იყო,”- განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი