ახალი ამბები

კობახიძე პარლამენტის სხდომის ჩაშლას ქუთაისსა და თბილისს შორის არსებული მანძილით ხსნის

30 მარტი, 2016 • 1147
კობახიძე პარლამენტის სხდომის ჩაშლას ქუთაისსა და თბილისს შორის არსებული მანძილით ხსნის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მანანა კობახიძე კვორუმის პრობლემის გამო პარლამენტის სხდომის ჩაშლას ქუთაისსა და თბილისს შორის არსებული დისტანციით ხსნის:

“ზოგჯერ, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციები ჩამოდიან და კოლეგების ნაწილი დელეგაციასთან მუშაობს, ამ დროს, პარალელურ რეჟიმში ქუთაისში ყოფნა ვერ ხერხდება.”

დეპუტატის თქმით, პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს.

“მიზეზი არის ობიექტური, რიგი კოლეგების შემთხვევაში ეს [სხდომაზე არყოფნის მიზეზი] არის ავადმყოფობა. იცით, რომ ქუთაისი-თბილისის გზაზე დაგვიშავდა სამი დეპუტატი, ეს არის პრობლემა. დედაქალაქში უნდა იყოს პარლამენტი და ამ შემთხვევაში, ალბათ პრობლემაც ნაკლები იქნება, პარალელურად რომ შეძლო დელეგაციას შეხვდე და ასევე შეძლო კვორუმში შენი ხმის დაფიქსირება,”- აღნიშნავს კობახიძე, თუმცა არ განმარტავს, როგორ უნდა მოახერხოს დეპუტატმა თუნდაც თბილისში, ორ წერტილში ერთდროულად ყოფნა.

დღეს, 30 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომის ჩაშლის გამო ანგარიშის მოსმენა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დეპუტატების აზრით, სხდომის ჩაშლა ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი