ახალი ამბები

ქურციკიძე EPA -ში აგრძელებს მუშაობას

11 აგვისტო, 2011 • 1370
ქურციკიძე EPA -ში აგრძელებს მუშაობას

ზურაბ ქურციკიძე
ზურაბ ქურციკიძე

ფოტორეპორტიორი, რომელიც საქართველოს  სამართალდაცავებმა  ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და  საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, განაგრძობს EPA-სთვის მუშაობას.

ევროპის პრეს ფოტო სააგენტომ [EPA] ახლახანს გამოაქვეყნა ზურაბ ქურციკიძის ფოტოები, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ევროპული სააგენტოსთვის  ქართველი სამართალდამცავების მიერ რუსეთისთვის ჯაშუშობაში მსჯავრდებული ფოტოგრაფი საშიში არაა და განაგრძობს მასთან თანამშრომლობას.

თავად ზურაბ ქურციკიძე, რომელიც პატიმრობიდან 22 ივლისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, ჟურნალისტებთან არ საუბრობს.

ფოტოები, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ქურციკიძემ EPA-სთვის მუშაობა დაიწყო, 8 აგვისტოსაა გადაღებული თბილისსა და გორში და ასახავს 2008 წლის ომის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის ღონისძიებებს.

მანამდე კი ევროპის პრესს ფოტო სააგენტო აქვეყნებდა „ფრანს პრესსის“ ფოტორეპორტიორის ვანო შლამოვის ფოტოებს – EPA-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული რამდენიმე ათეული ფოტო ასახავს სხვადასხვა აქციას, რომელიც დაკავებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად იმართებოდა თბილისში.

თავად ზურაბ ქურციკიძის ფოტოები, რომლებიც   სააგენტოს ვებ გვერდზე დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, პირველ ივლისს არის გამოქვეყნებული, გადაღებულია თბილისში, რიყეზე – ხალხი  შადრევანის წინ.

EPA-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, სხვა სამ ფოტოგრაფთან ერთად, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ჩათვლით, სამართალდამცავებმა 7 ივლისს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314–ე მუხლით–ჯაშუშობა– წაუყენეს.

მათ დაკავებას მოყვა პროტესტი ჟურნალისტების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა აქციებზე ითხოვდნენ ფოტოგრაფების საქმეზე გრიფის მოხსნას. ოთხივე ფოტოგრაფმა აღიარა წარდგენილი ბრალი, რის შემდეგაც ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 22 ივლისს პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ჯაშუშობაში ბრალდებულებს პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

ყველა სტატია ამ თემაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი