ახალი ამბები

პრეზიდენტი პირადი ფოტოგრაფის გარეშე

3 აგვისტო, 2011 • 1408
პრეზიდენტი პირადი ფოტოგრაფის გარეშე

ვინ იღებს პრეზიდენტის შეხვედრებს მას შემდეგ, რაც სამართალდაცავებმა მისი პირადი ფოტოგრაფი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს?

დაიქირავა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ახალი ფოტოგრაფი?   „ნეტგაზეთის“ ამ კითხვაზე პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ  შტატში ჯერჯერობით არავინ აუყვანიათ.

ესტონეთის  პრეზიდენტთან შეხვედრის და  კახა ლომაიას დაჯილდოვების ფოტოები პრეზიდენტის ვებ გვერდზე 6 ივლისსაა გამოქვეყნებული.  ეს ფოტოები  სავარაუდოდ  ირაკლი გედენიძის გადაღებულია, რომელიც სხვა ფოტორეპორტიორებთან ერთად 7 ივლისის ღამეს დააკავეს.  ამის შემდეგ პრეზიდენტის ვებ გვერდზე ფოტოების განყოფილებაში რამდენიმე დღიანი პაუზაა.  12 ივლისს გამოქვეყნებულია  დაბალი რეზოლუციის ფოტოები – პრეზიდენტის შეხვედრა რაგბის ეროვნულ ნაკრების წევრებთან.  თუმცა შემდეგ უკვე ქვეყნდება  უფრო მარალი რეზოლუციის ფოტომასალა, რომლებიც ასახავს პრეზიდენტის შეხვედრებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. საიტზე გამოქვეყნებულ ყველა ფოტოზე ავტორად პრეზიდენტის  პრესამსახურია მითითებული.

ირაკლი გედენიძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშიც მოხსენიებულია, როგორც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა ეკავა.

კითხვაზე, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუქირავებია ფოტოგრაფი,  მაშინ ვინ იღებს  მიხეილ სააკაშვილის შეხვედრებს, პრეზიდენტის პრესსპიკერი პასუხობს:

„ადმინისტრაციას აქვს იმის რესურსი, რომ „ვიღაცა“ მოიყვანოს და იმუშაოს აქ. ამის პრობლემა არ გვაქვს“.  სხვა დეტალები  მანჯგალაძეს არ დაუკონკრეტებია.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე სხვა ფოტოგრაფებთან ერთად სამართალდაცავებმა  7 ივლისს დააკავეს და ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. როგორც გედენიძე, ასევე  სხვა ფოტოგრაფები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რადგან მათ აღიარეს დანაშაული.

ფოტო: პრეზიდენტის პრესამსახური. 20 ივლისი. სვანეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი