ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტროში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

28 მარტი, 2016 • 901
ეკონომიკის სამინისტროში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეკონომიკის სამინისტროში გაჩენილი ხანძრის დროს შენობის მე-6 და მე-7 სართულებზე დაიწვა შეკიდული ჭერი და ოთახები, დაახლოებით 400-500 კვ.მ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ხანძრის გაჩენისას შენობაში დაცვა იმყოფებოდა და სახანძროც სწორედ მათ გამოიძახეს. რაც შეეხება დაშავებულებს, პრესსამსახურის ცნობით, მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული დამლაგებელს.

გარდა ამის, პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. მათი განცხადებით, ახლა, სავარაუდოდ, შენობაში შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მოკვლევას აწარმოებენ.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა 2015 წელს გაიყიდა. ახალ შენობაში გადასვლას სამინსიტრო აპრილში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი