ახალი ამბები

დააბრკოლებს თუ არა ევროპის სახალხო პარტია საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას?

27 მარტი, 2016 • 2052
დააბრკოლებს თუ არა ევროპის სახალხო პარტია საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას?

ქმნის თუ არა ახალ რეალობას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადება?

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- მა 26 მარტს მაყურებელს შესთავაზა ინტერვიუ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. ამ ინტერვიუს მიხედვით, საქართველო ვიზის ლიბერალიზაციას არა ზაფხულისთვის უნდა ელოდოს, არამედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგანაც “რუსთავი 2”-ის კითხვაზე, “დაუჭერს თუ არა ევროპის სახალხო პარტია მხარს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას”, პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული ასე პასუხობს:

“ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის ლიბერალიზაციის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და ჰქონდეთ შესაძლებლობა იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო ის, რომელმაც დაიწყო და წინ წაწია სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზის ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით”.

რას ნიშნავს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ეს განცხადება – ეს კითხვა “ნეტგაზეთმა” ვანო ჩხიკვაძეს დაუსვა. ის ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” წარმომადგენელი და ერთ-ერთი ექსპერტია საქართველოში, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მონიტორინგს ახორციელებს.

ვანო ჩხიკვაძეს ეჭვი ეპარება ჯოზეფ დაულის ინტერვიუს თარგმანის სისწორეში:

“მე არ მომისმენია ამ ინტერვიუს ორიგინალური ვერსია. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ხშირად ყოფილა ქართულ მედიასივრცეში ინტერვიუები, რომლებიც ისე არ ყოფილა ნათარგმნი, როგორც სინამდვილეში იყო, მე არ გამოვრიცხავ, რომ თარგმანში იყოს რაიმე შეცდომა დაშვებული”.

კითხვაზე, თუკი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ნამდვილად თქვა ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ, ჩხიკვაძე პასუხობს:

“ მე არ მგონია, რომ ასე ეთქვა, იმიტომ, რომ ევროპის სახლხო პარტია არის ის ჯგუფი, რომელმაც მხარი დაუჭირა 21 იანვარს ევროპის პარლამენტში მიღებულ რეზოლუციას საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.  ამ რეზოლუციის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ ევროპის პარლამენტი, ანუ ეს ჯგუფი, ვინც მხარი დაუჭირა [რეზოლუცია], მოუწოდებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს,  რომ დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო მიმისვლის მინიჭებაზე”.

აქედან გამომდინარე ჩხიკვაძე ამბობს, რომ მისთვის ბევრად უფრო მყარი არგუმენტია 21 იანვარს ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია, ვიდრე გუშინდელი განცხადება.

“გუშინ ასე ითქვა, რომ ეს ყველაფერი მოხდა რუსთავი 2 -ის ამბების შემდეგ, თუმცა 21 იანვარს მიღებული რეზოლუცია სწორედ რუსთავი 2 -ის ამბების შემდეგ მოხდა დ იქ არის რუსთავი 2 -ზეც ჩანაწერი, თუმცა იქვე არის ჩაწერილი, რომ ეს [ვიზის ლიბერალიზაცია] არ შეიძლება დაბრკოლდეს”.

ექსპერტი ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში მიუთითებს, რომ აქამდე არსოდეს ყოფილა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი პირდაპირ დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან.

“ არ გამიგია არც ერთ დონეზე, რომ არსებობდა  პირობა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. არასოდეს, არც ერთ ეტაპზე, ევროკავშირს არ დაუყენებია, არც ერთხელ ბმა არ ყოფილა საპარლამენტო არჩევნებთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისა.

აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები, რატომ მოხდა მაინც და მაინც ახლა ეს და მოხდა თუ არა ეს ყველაფერი, გასარკვევია.  მე ვფიქრობ, რომ ამ პატივცემული ადამიანის განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ რეზოლუციას, რომელსაც მისმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა 21 იანვარს”, – ამბობს ჩხიკვაძე.

ის არ გამორიცხავს, რომ იმ ადამიანების ჯგუფმა საქართველოდან, ვინც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მონიტორინგს ახორციელებდნენ, განცხადება გაავრცელონ და ევროპის სახალხო პარტიას მიმართონ.

ვანო ჩხიკვაძე არ ფიქრობს, რომ  ევროპის სახალხო პარტია ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს დააბრკოლებს:

“ძალიან ბევრი რამის გამო არა მგონია მოინდომოს.  პირიქით, ვინ-ვინ და ევროკავშირის პარლამენტი იყო ის ინსტიტუტი, რომელიც არც ერთ ეტაპზე არ ეწინააღმდეგებოდა, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას.  ეს ის ინსტიტუტია ევროკავშირში, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს უნდ მივცეთ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.  არათუ უვიზო მიმოსვლა, არამედ ღიად დააფიქსირა, რომ საქართველომ შეიძლება შემიტანოს განაცხადი წევრობაზე.

აქედან გამომდინარე ძალიან მეეჭვება, რომ ევროპის პარლამენტმა ეს საკითხი დაბლოკოს”.

მისი თქმით, “ევროპის შიგნით კულუარულად ყველამ იცის, რომ გადაწყვეტილება [უვიზო მიმოსვლაზე] მისაღები იყო და მისაღები რჩება [საპარლამენტო ] არჩევნებამდე, რათა პროევროპულ ძალებს უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუჩნდეთ ქვეყნის შიგნით”.

“თუ ეს ასეა, რასაც ამბობდა გუშინ ევროპის სახლხო პარტიის პრეზიდენტი, ძალიან გვიანი შეიძლება აღმოჩნდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის და აღარც გახდეს პრაქტიკულად საჭირო..”, – მიაჩნია ვანო ჩხიკვაძეს.


საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზაფხულისთვის მოელის. ევროკომისიამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო წინადადებით ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტის წინაშე ოფიციალურად 2016 წლის 9 მარტს წარსდგა. შესაბამისი დოკუმენტი ატვირთულია ევროკომისიის ვებგვერდზე. საუბარია საბჭოს რეგულაციაში – #539/2001, ცვლილების შეტანის საკითხზე, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ეხება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რჩება რამდენიმე პროცედურა, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას (180 დღეში 90 დღის გატარების უფლებით) უვიზოდ შეძლებენ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის ტექნიკური [სამოქმედო გეგმა] ნაწილი საქართველომ გასული წლის დეკემბერში დახურა. ეს მხოლოდ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი იყო. ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენლის, ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლამდე რჩება შემდეგი ეტაპები:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი). ხმების მიხედვით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას მხარი უნდა დაუჭირონ მინიმუმ ამ ქვეყნებმა (მინისტრთა საბჭოში ხმების რაოდენობას განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობა. რაც უფრო ბევრია მოსახლეობა, მით მეტი ხმა აქვს ქვეყანას): საფრანგეთი – 29 ხმა; გერმანია – 29 ხმა; იტალია – 29 ხმა; ესპანეთი – 27 ხმა; პოლონეთი – 27 ხმა; ჰოლანდია – 13 ხმა; ბელგია – 12 ხმა; ჩეხეთი – 12 ხმა; საბერძნეთი – 12 ხმა; უნგრეთი – 12 ხმა; პორტუგალია – 12 ხმა; ავსტრია და შვედეთი – 10 ხმა.

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი