ახალი ამბები

თბილისი გოგირდის აბანოების გარეშე – თანამშრომლების პრეტენზიები და GWP-ს პასუხი

25 მარტი, 2016 • 3304
თბილისი გოგირდის აბანოების გარეშე – თანამშრომლების პრეტენზიები და GWP-ს პასუხი

24 მარტს თბილისში გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი წყალზე მაღალი გადასახადის დაწესებას ასახელებენ. თბილისის წყალმომარაგების კომპანიაში კი აცხადებენ, რომ აბანოები უკვე ერთი წელია არ იხდიან მათზე დარიცხულ გადასახადს.

გაფიცულ თანამშრომელთა შორის იყო Georgian Spa-ს ოპერატორ-მოლარე საიდა ალაკპეროვა, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ  კომერციული ორგანიზაციებისთვის წყალზე დაწესებული გადასახადის დაფარვა აბანოებს არ შეუძლიათ.

“იმხელა ტარიფს გვიწესებენ, რომ შეუძლებელია იმის გადახდა. ოთხნახევარს ვიხდიდით აქამდე – იმდენს, რამდენსაც წერდა ცივი წყალი. კანალიზაციას ვიხდიდით მოჭრილს. ახლა 90 თეთრი დააფასეს კუბი, რაც არის საგანგაშო ფასი. ამიტომ ხალხი ძალიან პანიკაშია. დიდი ხარჯები აქვს აბანოს, მხოლოდ წყალი კი არ არის. ბევრი სხვა პრობლემებია,” – ამბობს ალაკპეროვა.

თბილისის წყალმომარაგების კომპანიის კომერციული დირექტორი, ირაკლი ბაბუხარია აცხადებს, რომ უკვე ერთ წელია აბანოები არ იხდიან დარიცხულ გადასახადებს, რის გამოც კომპანიამ სასამართლოს მიმართა: “ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს მოლაპარაკებები ვერ განხორციელდება.”

როგორც ბაბუხარია აცხადებს, აბანოებზე არსებულ ტარიფს აწესებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და გადასახადი ცალკეული ორგანიზაციებისთვის ვერ შეიცვლება.

“აბანოების პოზიცია პრივილეგიებით სარგებლობის შესახებ კომპანიის მიერ ვერ დაკმაყოფილდება, რადგან აბსოლუტურად ყველა აბონენტი იხდის თანაბარ გადასახადს. ჩვენი პირველადი გათვლებით მათი შემოსავალი საკმარისია იმისთვის, რომ გადაიხადონ ჩამდინარე წყლის გადასახადი. ეს გადასახადი მათი შემოსავლების 5%-საც კი არ აღემატება,” – ამბობს ბაბუხარია.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელების განცხადებით, გოგირდის აბანოების მხრიდან ვრცელდება  ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. მათი თქმით, აბანოები სხვა კომერციულ თუ არაკომერციულ აბონენტებთან შედარებით პრივილეგიებით ვერ ისარგებლებენ. GWP-ის განცხადებით, კომპანია მოქმედებს ცივილიზებული გზით და საკითხის გადასაჭრელად სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

კომპანიის განცხადებით, გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება თბილისის კოლექტორში, რომელიც კომპანიას გადააქვს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობაში. როგორც GWP-ში აცხადებენ, გოგირდის წყალი საჭიროებს განსაკუთრებულ ფილტრაციას, რადგან ქიმიურად აქტიურია და სხვა ჩამდინარე წყლებთან შედარებით განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპანიის ინფრაქტრუქტურას.

Georgian Spa-ს თანამშრომელი დაბალი ფასის პრივილეგიით სარგებლობის შესახებ აცხადებს, რომ აბანოებსა და ბაღებს ერთნაირი ხარჯი არ აქვთ იმიტომ, რომ აბანოში ადამიანები დასაბანად მიდიან: “იმ შემთხვევაში, თუ წყალმომარაგების კომპანია არ შეიცვლის თავის პოზიციას, ერთი ის ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, რომელთა უკან კიდევ ათასი ადამიანი დგას. პირადად მე ორ ავადმყოფს ვუვლი სახლში… იმის მაგივრად, რომ ხალხი დაასაქმონ, მეპატრონეები იძულებულებს ხდიან, რომ დახურონ აბანოები.”

საიდა ალაკპეროვას თქმით, საქართველო არის წყლის ქვეყანა, სადაც არ შეიძლება იმხელა ფასის გადახდა, რასაც მისი თქმით,  “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აწესებს.

“წლის ქვეყანაში ამხელა ფასის გადახდა შეიძლება? წყლის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჯერ ერთი. ეს არის უფლის წყალი. აბანო არის უფლის. ამ თემაზე შეიძლება ამხელა პრობლემა და ამდენი ლაპარაკი? ეს ისტორიული ადგილია. პირველ რიგში, ტურისტები ინტერესდებიან ამით და ამის გამო ჩამოდიან. XVI საუკუნის არის ეს აბანოები. თბილისი იწყება აბანოთი. აბა, თბილისი რატომ ქვია, თუ შეგიძლიათ ამიხსენით… ცხელი და ცივი წყალი ყველას აქვს სახლში, მაგრამ აბანო არის სულ სხვა რაღაც. ზოგს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რას ნიშნავს ეს,” – აცხადევს საიდა ალაკპეროვა.

აბანოების თანამშრომლების საპასუხოდ GWP აცხადებს, რომ ისინი უკვე ერთი წელია არ იხდიან ჩამდინარე წყლის გადასახადს: “მიუხედავად ამისა, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” თავი აარიდა მკაცრი ზომების მიღებას, არ შეუწყვიტა აბანოებს წყლის მიწოდება, ანუ არ გამოიყენა ის ბერკეტი, რომელსაც ყველა კომერციულ ობიექტთან მიმართებაში იყენებს. სწორედ იმიტომ, რომ ხელი არ შეეშალა ბიზნესის ფუნქციონირებისთვის.”

გოგირდის აბანოების თანამშრომლები აქციების პერმანენტულად გამართავს გეგმავენ და დედაქალაქის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი