ახალი ამბები

ოთო კახიძე: ერეკლე კოდუა მანქანების მითვისების ნაწილში სასამართლოს დამნაშავედ არ უცნია

25 მარტი, 2016 • 1466
ოთო კახიძე: ერეკლე კოდუა მანქანების მითვისების ნაწილში სასამართლოს დამნაშავედ არ უცნია

ერეკლე კოდუას ადვოკატი ოთო კახიძე აცხადებს, რომ პრკურატურის განცხადება, თითქოს ერეკლე კოდუა მანქანების მითვისების ნაწილში სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ადვოკატი ამბობს, რომ მითვისების ნაწილში ეკრელე კოდუა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით იყო ბრალდებული, რაშიც საქალაქო სასამართლომ კოდუა უდანაშაულოდ ცნო.

ოთო კახიძის თქმით, ერეკლე კოდუას ბრალად წარდგენილი ჰქონდა, რომ მოტყუებით და თანადებობის გამოყენებით მიისაკუთრა სხვადასხვა ბრალდებულის სხვადასხვა მანქანა.

“დანამდვილებით ვიცით, რომ 180-ე მუხლთან დაკავშირებით მანქანების მისაკუთრების ეპიზოდებში გაამართლა ერეკლე კოდუა. ამიტომ პროკურატურის განცხადება, რომელშიც არ წერია, რომ ერეკლე კოდუა გამართლდა, დაუმალეს ეს საზოგადოებას და შემდეგ განაცხადეს, რომ თითქოს სასამართლომ უტყუარად მიიჩნია, რომ ეს მანქანები ერეკლე კოდუამ მიისაკუთრა, არის მტკნარი სიცრუე”, – აცხადებს ოთო კახიძე.

ოთო კახიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, სასამართლომ რა მიიჩნია უფლებამოსილების გადამეტებად, ვინაიდან მოსამართლემ მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და 2 კვირაში იქნება დასაბუთებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება უფლებამოსილების გადამეტებას, რაშიც სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ მიიჩნია, ადვოკატი ამბობს, რომ სხვადასხვა რამ შეიძლებოდა მიეჩნია მოსამართლეს უფლებამოსილების გადამეტებად. ვინაიდან ეს არ გამოუცხადებია სასამართლოს დარბაზში, ამიტომაც არ გავაკეთე გუშინ განცხადება, იმიტომ, რომ სპეკულაციური იქნება ჩემი მხრიდან, ვთქვა, მოსამართლემ გადამეტებად რა მიიჩნია, როცა არ ვიცი, ამბობს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ერეკლე კოდუას სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე ვადით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მიუსაჯა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ერეკლე კოდუა სასამართლომ მანქანების მითვისების 2 ეპიზოდთან დაკავშირებით მიიჩნია დამნაშაევდ. თუმცა ასევე განაცხადა, რომ 180-ე მუხლის ნაწილში, რომლითაც თაღლითობას ედავებოდა ბრალდების მხარე, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი 2014 წლის 17 მარტს წარუდგინა. იგი საზღვარგარეთ იმყოფება. მას ინტერპოლი ეძებდა, თუმცა 2015 წლის ნოემბრიდან ძებნა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი