ახალი ამბები

ფოტოგრაფებს საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების უფლება აქვთ

23 ივლისი, 2011 • 1395
ფოტოგრაფებს საპროცესო შეთანხმების გასაჩივრების უფლება აქვთ

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ფოტოგრაფებს, რომლებიც დღეს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება.

ოღონდ ამის უფლებას მათ კანონის 215–ე მუხლი  იმ შემთხვევაში აძლევს, თუკი  ა) საპროცესო შეთანხმება მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით დაიდო; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულვებელყო ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.

აწ უკვე მსჯავრდებულ ფოტოგრაფებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომ მათზე ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა. ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები სახეზე. მან 22 ივლისს, როცა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, უარი თქვა ქურციკიძის დაცვაზე.

ზურაბ ქურციკიძე
ზურაბ ქურციკიძე

მეორე– ადვოკატი მიხო ღოღაძე  ქურციკიძის ცემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხობდა, რომ ქურციკიძე არ საუბრობდა ამაზე და ვერაფერს იტყოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებიდან გამომდინარე. „საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები“,–იმეორებდა ის.

ამასთან, ქურციკიძის კიდევ ერთ ადვოკატს, რომელიც EPA –მ დაიქირავა, არ მიეცა ბრალდებულთან შეხვედრის შესაძლებლობა.  მას სურდა,  ქურციკიძისგან მოესმინა, რომ იგი თავად ამბობდა უარს შავგულიძის დაცვაზე.

დღეს უარი თქვა ყველა იმ ადვოკატმა, რომელიც ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის ინტერესებს მთელი ორი კვირის განმავლობაში იცავდა, ხელი მოეწერათ შუამდგომლობაზე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუამდგომლობაში აბდალაძის ადვოკატად მითითებულია  სხვა: მ.ქამადაძე

დღემდე გაურკვეველია, რა მიზეზით თქვეს უარი პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ (სხვათა შორის, დღეს მან პროცესზე განაცხადა, რომ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მთავარი სპეციალისტი) და მისმა მეუღლემ– ნათია გედენიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების დაცვაზე.

კანონის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულები თანახმანი იყვნენ საპროცესო შეთანხმებაზე, (რითიც აღიარეს ჯაშუშობის ბრალდება) და თანახმა იყო პროკურატურაც, რომელმაც საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მოსამართლე ვალდებული იყო, გამოერკვია, ხომ არ მოხდა საპროცესო შეთანხმებაზე  იძულებით თანხმობა.

სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე ვალდებული იყო, დარწმუნებულიყო, რომ: „საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულებისა, დაშინებისა ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს“.

22 ივლისს გამართულ პროცესზე მომსამართლემ სათითაოდ ჰკითხა თითოეულ ბრალდებულს, ხომ არ  განხორციელებულა იძულება მათზე, რაზედაც ყველამ უპასუხა, რომ – „არა“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, კანონის ეს მუხლი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ  ბრალდებულების პასუხი სასამართლო პროცესებზე მოსამართლემ უნდა მიიჩნიოს უტყუარ მტკიცებულებად   და არაფერი გააკეთოს იმის დასადგენად, ნამდვილად ხორციელდებოდა თუ არა ზეწოლა.

კიდევ ერთი ადვოკატი, მედია– სამართლის ექსპერტი სანდრო ბარამიძეც ამბობს, კითხვა  „გაწამეს თუ არა“, არანაირად არაა საკმარისი იმისათვის, რომ  დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებას.  ბარამიძის აზრით, უფრო მეტიც,  მოსამართლემ  უნდა გამოიკვლიოს და მტკიცებულებები უნდა შეაფასოს,  დარწმუნდეს, რომ ბრალდება არის საფუძვლიანი და არსებობს  სათანადო მტკიცებულებები.

საპროცესო კოდექსის მიხედვით, “თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებანი პირის ბრალის დასადასტურებლად, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერია, მას გამოაქვს განაჩენი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე”.

მოსამართლე ზვიად ესებუას სასამართლო პროცესზე ეჭვქვეშ არ დაუყენებია ბრალდებულების პასუხები „არა“, კითხვაზე ხომ არ ყოფილა რაიმე იძულება. უცნობია, მოასწრო თუ არა მან საქმის მასალების გაცნობა, რადგან პროკურატურამ  21 ივლისს დამატებით დაკითხა ბრალდებულები, 22 ივლისს კი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. სასამართლოს შუამდგომლობის განსახილველად 15– დღიანი ვადა ჰქინდა, თუმცა პროცესი 22 ივლისს, 16.00 საათზე, დაიწყო და მოსამართლემ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, მსჯავრდებულები კი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

არც ერთ ფოტოგრაფს კომენტარი არ გაუკეთებია. უცნობია, აპირებენ თუ არა ისინი საპრპცესო შეთანხმების შესახებ განაჩენის გასაჩივრებას. საპროცესო კოდექსის მიხედვით, მათ ამისთვის 15– დღიანი ვადა აქვთ.

თეორიულად, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრებულები– ქურციკიძე, აბდალაძე გედენიძე გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, ხომ არ მოხდება ისევ მათი დაკავება? – ამ კითხვაზე  გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ გასაჩივრება არ გულისხმობს ბრალის თავიდან წაყენებას, შესაბამისად, დაპატიმრებას.   სანდრო ბარამიძის აზრით, სტატუს ქვო შეიძლება აღსდგეს მას შემდეგ, თუკი  სასამართლო გააუქმებს საპროცესო შეთანხმებას, რადგან საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის თანახმად, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს.

დაკავებული ფოტოგრაფები
დაკავებული ფოტოგრაფები

ხუთი ფოტოგრაფი – ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, გაზეთ “ალიას” და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია აბდალაძე, ასევე “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი სამართალდამცავებმა 7 ივლისს, ღამე, დააკავეს. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ბრალის წაყენების გარეშე, დანარჩენებს კი პროკურატურამ ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა.

ნათია აბდალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 22 ივლისს პირობითი სასჯელით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტთა ნაწილი აქციებს მართავდა ორი კვირის განმავლობაში და საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას, ასევე თავდებით მათ გათავისუფლებას მოითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი