ახალი ამბები

ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი დაიწყო

22 ივლისი, 2011 • 1189
ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხზე სასამართლო პროცესი დაიწყო.

სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა ერთ–ერთი ბრალდებული ნათია გედენიძე, რომელიც მეუღლესთან – ირაკლი გედენიძესთან ერთად 7 ივლისს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლოში, ასევე, მივიდა კიდევ ერთი დაკავებული ფოტოგრაფის – გიორგი აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე, რომელმაც ამჯერად ჟურნალისტებთან საუბარი აღარ ისურვა.

ირაკლი გედენიძემ, გიორგი აბდალაძემ, ზურაბ ქურციკიძემ და ნათია გედენიძემ, რომლებიც 7 ივლისს საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართეს განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რაც პროკურატურამ დღეს დააკმაყოფილა.

დღესვე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაამტკიცოს ოთხივე დაკავებულთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოუტანოს მათ განაჩენი.

შუამდგომლობით პროკურატურამ მოითხოვა სასჯელის შემდეგი ზომები: გიორგი აბდალაძისა და ირაკლი გედენიძისთვის პირობით სასჯელები 4–4 წლის გამოსაცდელი ვადით, ქურციკისძისთვის – 3 წლის გამოსაცდელი ვადით და ნათია გედენიძისთვის – 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

ფოტოგრაფების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენები მოსამართლე ზვიად ესებუამ უნდა გამოიტანოს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ქურციკიძის ადვოკატმა მიხეილ ღოღაძემ მოითხოვა, რომ ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომაზე აუდიოჩანაწერის უფლება მიეცეთ. იგივე მოთხოვნით წერილობითი განცხადების საფუძველზე სასამართლოს “ნეტგაზეთმაც” მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი