ახალი ამბები

რამაზ ჩინჩალაძე გიორგი აბდალაძის ინტერესებს აღარ დაიცავს

22 ივლისი, 2011 • 2334
რამაზ ჩინჩალაძე გიორგი აბდალაძის ინტერესებს აღარ დაიცავს

გიორგი აბდალაძის ადვოკატები
გიორგი აბდალაძის ადვოკატები

ადვოკატები რამაზ ჩინჩალაძე და მერაბ ჩიქოვანი გიორგი აბდალაძის ინტერესებს აღარ დაიცავენ. ამის შესახებ რამაზ ჩინჩალაძემ თავად განუცხადა ნეტგაზეთს.

“ალია ჰოლდინგთან გვქონდა ხელშეკრულება გაფორმებული საადვოკატო მომსახურების თაობაზე და რადგან გიორგი აბდალაძის პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბდა და აღიარებს ბრალს, მზადაა თანამშრომლობითვის და საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ყოველივე ეს არ ემთხვევა “ალიას” პოზიციას. “ალია” აცხადებს, რომ არ სურს მისმა დაქირავებულმა ადვოკატებმა  საპროცესო შეთანხმებაში მონაწილეობა მიიღონ,” – ამბობს რამაზ ჩინჩალაძე. მისივე თქმით, ადვოკატებს “ალიამ” გუშინ, საღამოს საათებში, ხელშეკრულება შეუწყვიტა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი აბდალაძე ადვოკატების გარეშე  დარჩება. ჩინჩალაძის ინფორმაციით, ეკა ბესელია და ლადო მაჭარაშვილი ჩვეულებრივად გააგრძელებენ გიორგი აბდალაძის ინტერესების დაცვას.”

როგორც რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, ბრალის დაზუსტების მიზნით დაკავებული ფოტოგრაფების ადვოკატები დღეს, 22 ივლისს, დილის 9 საათზე დაიბარეს.

“ბრალის დაზუსტებაში მოიაზრება გარკვეული დეტალების დაკონკრეტება, ფორმულირება, შესაძლებელია მოაზრებოდეს კვალიფიკაციაც. მაგრამ ამ შემთხვევაში წინასწარ არავინ იცის, არსებითად შეიცვლება თუ არა ბრალის შინაარსი”,–აცხადებს ჩინჩალაძე.

რამაზ ჩინჩალაძე და მერაბ ჩიქოვანი გიორგი აბდალაძეს დღეს მაინც შეხვდებიან. “ჩვენ მას შევხვდებით და ავუხსნით, რატომ ვეღარ დავიცავთ მის ინტერესებს”, –ამბობს ჩინჩალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი