ახალი ამბები

BP-ს მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

23 მარტი, 2016 • 1316
BP-ს მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობის ბრალდებით ორი ადამაიანი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, გ. ლ. და ი. კ. სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ რუისში სპეციალური ტექნიკური მოწყობილობებით მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი.

კუსტარული მილსადენის გაყვანის შემდეგ მათ დააზიანეს „ბრიტიშ-პეტროლიუმის“ საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი და დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი. მათ მილსადენიდან ნედლი ნავთობი სისტემატურად გამოჰქონდათ, აცხადებს საგამოძებო სამსახური.

უწყების ინფორმაციით, მოპარულ ნავთობს საკუთარ რეზერვუარებში ასხამდნენ და ტრანსპორტირებისას ავტომანქანაში რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ბოსტნეულით ფარავდნენ.

გამოძიება აცხადებს, რომ ბრალდებულებს მოპარული ნედლი ნავთობი თბილისში მიჰქონდათ, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში ინახავდნენ, იქვე გადაამუშავებდნენ და გასაყიდად ამზადებდნენ.

საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

უკანონო მილსადენი. ფოტო: საგამოძიებო სამსახური

უკანონო მილსადენი. ფოტო: საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი