ახალი ამბები

თბილისის მერია: ფასები სამარშრუტო ტაქსებზე არ წარმოადგენს რეგულირებად სფეროს

20 ივლისი, 2011 • 1091
თბილისის მერია: ფასები სამარშრუტო ტაქსებზე არ წარმოადგენს რეგულირებად სფეროს

თბილისის მერიასა და საკრებულოს სამარშრუტო ტაქსებზე ფასის რეგულირება არ შეუძლია. ამ ინფორმაციას თავად ქალაქის მერია ავრცელებს.

“ფასები სამარშრუტო ტაქსებზე არ წარმოადგენს რეგულირებად სფეროს. ფასებს არეგულირებს ბაზარი და, შესაბამისად, თბილისის მერიასა და საკრებულოს არ შეუძლია მისი განსაზღვრა”, – – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქალაქის მერია თავის ვებ–გვერდზე აქვეყნებს.

ამავე განცხადების მიხედვით, მიკროავტობუსებში არ არსებობს ერთიანი ტარიფი და მგზავრობის საფასური 30 თეთრიდან  1,20 ლარამდე მერყეობს.

“თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით:  ავტობუსითა და მეტროთი, რომელთა ფასის ზრდა არ იგეგმება, კონკურენციას უწევს მიკროავტობუსებს. თბილისის მერია, ასევე, ზრუნავს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ახალ მიკროავტობუსებში მათი  გადასახადის ნახევარს ანაზღაურებს”, – ნათქვამია განცხადებაში მას შემდეგ, რაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების დაპირების მიუხედავად, თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი გაიზარდა.

თავდაპირველად მგზავრობა #4 სამარშრუტო ხაზზე გაძვირდა, სადაც  “ფორდის” მარკის ახალი ყვითელი ავტობუსები იქნა შეყვანილი. ამის შემდეგ კი მგზავრობის ფასი სხვა მიკროავტუბესებმაც გააძვირეს.

თბილისში სამარშრუტო ხაზების მომსახურებაზე ტენდერი დედაქალაქის მთავრობამ რამდენიმე თვის წინ ჩაატარა, რომელშიც ხუთმა კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა აღნიშნულ კომპანიებს ახლა ერთი მენეჯმენტ კომპანია – „თბილისის მიკროავტობუსი“ მართავს. აღნიშნული კომპანიის პიარ–მენეჯერა თეონა ნიორაძემ გუშინ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მიკროავტობუსების მძღოლებმა, გარდა #4 სამარშრუტო ხაზისა, მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გააძვირეს. მძღოლების ნაწილი კი ამბობს, რომ გაძვირება მათგან ხაზის მფლობელმა კომპანიებმა მოითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი