საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრით დაიწყო, სადაც საქართველოსა და ბელარუსის მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მე ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში. ჩვენ ბევრ რამეზე მოვილაპარაკეთ, მაგრამ მთავარია, რომ ჩავხედეთ ერთმანეთს თვალებში და მივხვდით, რომ დიდი შესაძლებლობები გვაქვს”, – აცხადებს ლუკაშენკო.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს მიიღეს თანამშრომლობის გადაწყვეტილება და უკან დახევას არ აპირებს.
“თქვენ ჩვენთვის უცხოები არ ხართ და მიხარია, რომ თავს ისე გრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში, ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარი იყოს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავდგათ. კარგია, რომ ჩამოხვედით, იცოდეთ, რომ ბელარუსი თქვენთვის უცხო არ არის და როგორც ვიყავით მეგობრული ქვეყნები, დღემდე ვემხრობით ამ პოლიტიკას“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაწყებული პროექტები სულ მალე კონკრეტული შედეგებით დასრულდება.
„პოტენციალი კიდევ დიდია. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გვაქვს ინვესტიციების კუთხით. ჩემთვის დიდი პატივია ამ ქვეყანაში ყოფნა, რომელიც მუდმივად გვერდით ედგა საქართველოს, ქართველები ამას აფასებენ. თქვენი პირადი წვლილი ამ ურთიერთობებში დიდია და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენს მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს.
საქართველოს მთავრობის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობას ვაჭრობის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში. საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ ტენდენციას და გამოითქვა კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გამყარების იმედი.
საუბარი ასევე შეეხო მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას და იმ შეთანხმებების იმპლემენტაციის საკითხს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გაფორმდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს სტუმრობს. საქართველოს დელეგაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.