ახალი ამბები

22-23 მარტს გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსს ეწვევა

21 მარტი, 2016 • 1368
22-23 მარტს გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 22-23 მარტს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ესტუმრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირველ შეხვედრას საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართავს.

ოფიციალური ინფორმაციით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება მთავრობის სახლში, სადაც გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსელი კოლეგა ანდრეი კობიაკოვი უმასპინძლებს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები და საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელმოწერა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ, აცხადებს მთავრობა.

საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე მიხეილ მიასნიკოვიჩსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ბელარუსის ბიზნესფორუმში, დაათვალიერებს მაღალი ტექნოლოგიების პარკს, ასევე, გვირგვინით შეამკობს სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ მონუმენტს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია იმყოფებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი