ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება 1959 წლის რევოლუციის შემდეგ. კალვინ კულიჯი იყო ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც კუბას 1928 წელს ესტუმრა.
ობამას ვიზიტი ჰავანაში 21 მარტს დაიწყო. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის ისტორიული ვიზიტი. The Guardian-ის ცნობით, ამერიკის დელეგაცია დაახლოებით 800-დან 1200 ადამიანამდე შედგება.
გამოცემის ცნობით, ბარაკ ობამამ მიშელ ობამასა და ორ შვილთან ერთად ფეხით გაისეირნა ძველ ჰავანაში. წვიმის მიუხედავად რამდენიმე ათასი ადამიანი იყო შეკრებილი კათედრალის წინ მდებარე მოედანზე, რომლებიც აპლოდიმენტებით შეხვდნენ ობამას და მის ოჯახს.
The Guardian იუწყება, რომ კვირას, ობამას ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, ჰავანაში მოქალაქეების ნაწილმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გაერთიანებიდან “ქალები თეთრებში” (Damas de Blanco) და კუბის ოპოზიციის სხვა წევრები აცხადებენ, რომ კუბაში პოლიტიკური ზეწოლა კვლავ გრძელდება. მათი აქცია პოლიციამ დაშალა და მონაწილეების ნაწილი დააკავა.
New York Times-ის ცნობით, ბარაკ ობამამ და კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ 21 მარტს ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობების ახალი ერა იწყება.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტების პირველი კომუნიკაცია ჰავანაში, რევოლუციის სასახლეში შედგა. შეხვედრის შემდეგ 55- წუთიანი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტებმა ერთმანეთის ქვეყნების კრიტიკასთან ერთად იმის შესახებაც ისაუბრეს, რომ აშშ-სა და კუბას შორის ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს.
“მომეცით პოლიტიკური პატიმრების სია და დაუყოვნებლივ გავათავისუფლებ მათ. მითხარით მათი სია, რომელი პოლიტიკური პატიმრები?”, – ასე უპასუხა რაულ კასტრომ ჟურნალისტის კითხვას დისიდენტების შესახებ.
თუმცა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კასტროსთან ისაუბარა დისიდენტების მიმართ კუბის მთავრობის დამოკიდებულებაზე. ასევე გამოთქვა სურვილი, რომ დღეს, 22 მარტს პირადად შეხვდეს დისიდენტებს. ობამამ აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აქვს სურვილი, კუბას მიუთითოს, რა გააკეთოს.
“ვადასტურებს, რომ კუბის მომავალს ვერ გადაწყვეტს ვერც აშშ და ვერც ერთი სახელმწიფო. კუბა დამოუკიდებელი და ამაყი ქვეყანაა. კუბის მომავალს კუბელები გადაწყვეტენ”, – განაცხადა ობამამ.
New York Times-ის ცნობით, ობამამ ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, აშშ-მა კუბას ეკონომიკური სანქციები მოუხსნას, რაზეც კასტრომ განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინაღობა კუბის ეკონომიკის განვითარებისა და კუბელების კეთილდღეობისთვის.”
პრესკონფერენციის შემდეგ ობამამ მოინახულა კუბელი პოეტის და ჟურნალისტის, ხოსე მარტის მემორიალი.
USA Today-ის ცნობით, ობამას ვიზიტი კუბაში დღეს, 22 მარტს დასრულდება.
კალვინ კულიჯი იყო ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც კუბას 1928 წელს ესტუმრა.