ახალი ამბები

პროკურატურის ცნობით, გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა”, საქართველოშია ექსტრადირებული

22 მარტი, 2016 • 1124
პროკურატურის ცნობით, გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა”, საქართველოშია ექსტრადირებული

საქართველოს პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა”, ნიდერლანდებიდან ექსტრადირებულ იქნა საქართველოში.

პროკურატურის ცნობით, გიორგი დგებუაძის მიმართ, რომელიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს და დატოვებული ჰქონდა ქვეყნის ფარგლები, ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა.

ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ ორგანოებს, რაც ნიდერლანდების სასამართლომ დასაშვებად ცნო, აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, დგებუაძე ექსტრადირებულია საქართველოში და ამჯერად საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდება მისი მონაწილეობით.


  • 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად.
  • გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან, დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად  „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის- შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
  • დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი