ახალი ამბები

ადვოკატი: ქურციკიძემ დანაშაული აღიარა

18 ივლისი, 2011 • 958
ადვოკატი: ქურციკიძემ დანაშაული აღიარა

დაკავებული ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი  მიხეილ ღოღაძე აცხადებს, რომ ბრალდებულმა გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.

ადვოკატის თქმით,  დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა აღიარებითი ჩვენება რამდენიმე დღის წინ მისცა, თუმცა ადვოკატმა მხოლოდ ახლა მიიღო  თანხმობა ქურციკიძისგან, რომ აღნიშნული ინფორმაცია გაესაჯაროებინა.

ღოღაძემ დღეს მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი და აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„აღიარა ის, რაშიც ედება ბრალი, სხვა დეტალებს ვერ გეტყვით“, – ამბობს ადვოკატი.

EPA-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე  ჯაშუშობის ბრალდებით 7 ივლისს დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასწარ პატიმრობაში არიან: ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი და გია აბდალაძე, გაზეთ „ალიას“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი. ნათია გედენიძე, რომელიც ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი კი დაკავებიდან რამდენიმე საათში ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი