ახალი ამბები

ზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა ორი წლის განმავლობაში რვა უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

21 მარტი, 2016 • 1574
ზვიად ქორიძე: პრეზიდენტმა ორი  წლის განმავლობაში რვა უვადო მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს აწუხებს უვადო მსჯავრდებულთა მდგომარეობა და სწორედ ამის გამო, ორი წლის წინ პრეზიდენტის მიერ დებულებაში შეტანილი ცვლილებით, უვადო მსჯავრდებულს შეწყალებაზე მოთხოვნის შეტანის უფლება მიეცა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტის ინიციატივით, 25-წლიანმა ვადამ დაიწია 15 წლამდე და უვადო მსჯავრდებულების საკითხს, რომლებსაც 15 წელი საპატიმრო სასჯელი აქვთ მოხდილი, შეწყალების კომისია არსებითად განიხილავს “, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

მისი განცხადებით, კომისია ისედაც განიხილავს უვადო მსჯავრდებულთა საკითხებს და რეკომენდაციებს წარუდგენს პრეზიდენტს:

„ამ ორი წლის განმავლობაში რვა უვადო მსჯავრდებული შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალება თავისთავად ნიშნავს გათავისუფლების განსაზღვრული ვადების დადგენას, ვადიან მსჯავრზე გადაყვანას. ეს პროცესი გრძელდება და შეწყალების კომისიაში მუდმივად შემოდის ამა თუ იმ უვადო მსჯავრდებულის  საკითხი. ბუნებრივია, უვადო მსჯავრდებულთა დანაშაულები, რის გამოც მათ მსჯავრი დაედოთ საკმაოდ, მრავალმხრივია და დანაშაულების საკმაოდ ფართო სპექტრია. კომისია ცალკეული ამ დანაშაულების დეტალებსაც სწავლობს. ხშირად ყოფილა, როდესაც ჩვენ შევხვდით უვადო მსჯავრდებულებს და ვესაუბრეთ, ამის შემდგომ გარკვეული გადაწყვეტილება გამოუტანია კომისიას და შემდგომ -პრეზიდენტს“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის შესახებ კანონის გადახედვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ასეთ მსჯავრდებულებს ოჯახებში დაბრუნების იმედი დაკარგული აქვთ.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერი არ არის ფიზიკურ სამყაროში. უვადო მხოლოდ ღმერთია. ესა თუ ის პატიმარი დადგა გამოსწორების გზაზე. შესაძლებელია, რომ პატიმრობა უვადო კი არ იყოს, არამედ რაღაც გარკვეული ვადა ჰქონდეს, რომ იმედი მიეცეს მას, რომ ოდესმე გამოვა,” – განაცხადა ილია მეორემ 20 მარტს, საკვირაო ქადაგებისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი