ახალი ამბები

ცნობილი გახდება ახალი დეტალები ფოტორეპორტიორების საქმეზე

18 ივლისი, 2011 • 1168
ცნობილი  გახდება ახალი დეტალები ფოტორეპორტიორების საქმეზე

დღეს პროკურატურა ახალ ცნობებს გაავრცელებს ჯაშუშობის ბრალდებულ ფოტორეპორტიორების საქმეზე. ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ შაბათს განაცხადა.

“გრძელდება ბრალდებულთა დაკითხვის პროცესიც. დღეს ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე. დაკითხვის შინაარსისა და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ორშაბათს მიიღებს”, ნათქვამია 16 ივლისს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 ივლისს  დაკავებული ფოტორეპორტიორის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი აბდალაძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცა.

იმავე დღეს  პატიმრები ომბუდსმენმა მოინახულა და განაცხადა, რომ დაკავებულებს არ აღენიშნებათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის კვალი.  ომბუდსმენის ინფორმაციით, ზურაბ ქურციკიძე იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ადვოკატები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, აღიარა თუ არა დაკითხვაზე დანაშაული ზურაბ ქურციკიძემ. მისმა ადვოკატმა მიხეილ ღოღაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის  ქურციკიძის ინტერესებიდან გამომდინარე.

დაკავებულ ფოტორეპორტიორთა მხარდასაჭერად მორიგი სოლიდარობის აქცია დღეს გლდანის ციხესთან გაიმართება. აქციის მონაწილეები საყვირებით  უწყვეტად, 7 წუთის განმავლობაში, დაკავებულებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ. აქცია 16:00 საათზე დაიწყება.

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე სამართალდამცავემა 7 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯაშუშობაში. ნათია გედენიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

7 ივლისს დაკავებული “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი სამართალდამცავებმა დაკავებიდან რამდენიმე საათში, ბრალის წარდგენის გარეშ გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი