სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯ.დ-.მ გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა საქართველოს მოქალაქე ბ.დ.-ს კუთვნილ ფულად თანხას, რა მიზნითაც 2015 წლის ზაფხულში მასთან ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით მიაგზავნა გამოძიებით დაუდგენელი პირი, რომელიც ბ.დ.-ს გაეცნო დავით გიორგაძის გვარ-სახელით და განუცხადა, რომ მას თითქოსდა პრობლემები ჰქონდა ანტიკორუფციულ სააგენტოში, მის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება და საქმის მოგვარების სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. პარალელურად, ჯ.დ. დაჟინებით ურჩევდა ბ.დ.-ს მოთხოვნილი თანხის გადახდას, რომელიც მისი განმარტებით შემცირდა 30 000 აშშ დოლარამდე. აღნიშნული თანხის დაუფლების მიზნით ჯ.დ. ასევე დაუკავშირდა ბ.დ.-ს შვილიშვილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბ.დ.-ს, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და საკითხის მოგვარების სანაცვლოდ მასაც 30 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
გამოძიების მიხედვით, 2016 წლის 20 მარტს ჯ.დ.-მ მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარის თითქოსდა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებისათვის გადაცემისა და საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბექა დ-ს საქართველოში ჩამოსვლა და მასთან შეხვედრა მოსთხოვა. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჯ.დ. დაუკავშირდა ნაცნობს, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევ გ.დ.-ს, რომელსაც გაუმხილა თავისი ჩანაფიქრი და ერთად დაგეგმეს ბექა დ-სთვის მოტყუებით, თაღლითური გზით ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევა. კერძოდ, 2016 წლის 20 მარტს, დაახლოებით 2 საათზე ჯ.დ. ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, თბილისის აეროპორტში დახვდა რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ბექა დ-ს, წაიყვანა ის ქ. თბილისში, ავლაბრის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და შეახვედრა გ.დ.-ს, რომელსაც ჯ.დ.-მ წინასწარ უქირავა „მერსედეს S-კლასის” მოდელის ავტომობილი. გ.დ. ბექა დ-ს თავი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილად გააცნო და დაჰპირდა მისი პაპის ბ.დ.-ს მიმართ თითქოსდა წარმოებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, აგრეთვე მომავალში ყოველგვარი პრობლემების მოგვარებას. ამის შემდეგ, იმავე დღეს ჯ.დ.-მ თითქოსდა იოსებ გოგაშვილისთვის გადასაცემად, ბექა დ-ს ქ. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში მის მიერ მოთხოვნილი 30 000 აშშ დოლარი გამოართვა. ჯ.დ. და გ.დ მოთხოვნილი ზემოაღნიშნული თანხის გამორთმევის შემდეგ დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად თაღლითობის ფაქტზე მიმდინაროებს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
