ახალი ამბები

პროკურატურამ ფოტორეპორტიორებზე განცხადება გაავრცელა

16 ივლისი, 2011 • 1174
პროკურატურამ ფოტორეპორტიორებზე  განცხადება გაავრცელა

პროკურატურამ დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

“ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”,– ნათქვამია განცხადებაში.

“გრძელდება ბრალდებულთა დაკითხვის პროცესიც. დღეს ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხა ბრალდებული გიორგი აბდალაძე. დაკითხვის შინაარსისა და გამოძიების სხვა დეტალების შესახებ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას ორშაბათს მიიღებს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი აბდალაძის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია აბდალაძის აღიარებითი ჩვენების შესახებ. აღიარებითი ჩვენებებები მისცეს გამოძიებას ირაკლი და ნათია გედენიძეებმაც.

ადვოკატები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, აღიარა თუ არა დაკითხვაზე დანაშაული ზურაბ ქურციკიძემ. მისმა ადვოკატმა მიხეილ ღოღაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის  ქურციკიძის ინტერესებიდან გამომდინარე.

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე სამართალდამცავემა 7 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯაშუშობაში. ნათია გედენიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, დანარჩენებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

7 ივლისს დაკავებული “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი სამართალდამცავებმა დაკავებიდან რამდენიმე საათში ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი