ახალი ამბები

ნადია სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლომ დასკვნითი ეტაპი დაიწყო

21 მარტი, 2016 • 1108
ნადია სავჩენკოს საქმეზე რუსეთის სასამართლომ დასკვნითი ეტაპი დაიწყო

დღეს, 21 მარტს, რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მფრინავ ნადია სავჩენკოს საქმეზე დასკვნითი ეტაპი დაიწყო. სასამართლომ 21-22 მარტს უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება.

სხვადასხვა რუსულმა და უცხოურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სასამართლომ სავჩენკო დამნაშავედ ცნო.  თუმცა “ბიბისის” და “რადიო თავისუფლების”  რუსული სამსახურები იუწყებიან, რომ სასამართლო პროცესზე სავჩენკოს საბრალდებო დასკვას კითხულობენ.

ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

სავჩენკოს ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება.

უკრაინელი მფრინავის მხარდასაჭერად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მოსკოვში გამართულ აქციაზე 8 მარტს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ასეთი აქცია დღეს თბილისში რუსეთის ყოფილ საელჩოსთანაც  გაიმართა.

სავჩენკოს მხარდასაჭერი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომლითაც საქართველოს პარლამენტის სხვა ფრაქციებს მიმართავს, რათა პარლამენტმა მიიღოს აღნიშნული დეკლარაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი