ახალი ამბები

შსს: ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

20 მარტი, 2016 • 1148
შსს: ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სახლში მყოფებს ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას ოჯახის წევრებს, მათ შორი ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას, დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. ბრალდებულმა ნაყაჩაღარ ნივთებთან ერთად მიმალვა მოახერხა. დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რევაზ კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მე-3 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი