ნეტგაზეთი | კვირიკაშვილი: აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც თურქეთს დაატყდა თავს კვირიკაშვილი: აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც თურქეთს დაატყდა თავს – Netgazeti
RU | GE  

კვირიკაშვილი: აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც თურქეთს დაატყდა თავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბულში დღეს მომხდარ აფეთქებას ეხმაურება, რომელიც BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

“სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანასკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუმკლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს”, – აცხადებს პრემიერი.

სტამბულში, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავა, მათ შორის, რამდენიმე სერიოზულად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ისტიკლალი სტამბულის უმთავრესი ქუჩაა შოპინგის მსურველი ტურისტების სიმრავლის თვალსაზრისით. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

გასულ კვირას ტერაქტი თურქეთის სხვა ქალაქში, ანკარაშიც მოხდა, რასაც 37 ადამიანი ემსხვერპლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com