ახალი ამბები

სოლიდარობა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფებს: დღე მესამე

13 ივლისი, 2011 • • 1369
სოლიდარობა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფებს: დღე მესამე

ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული ფოტოგრაფების მხარდამჭერი აქცია ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უკვე მესამედ, ამჯერად თბილისში, პარლამენტის წინ, საყვირებითა და საპროტესტო პლაკატებით გამართეს. საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისშიც.

პარლამენტის წინ დრეს 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბე, რომელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები, იურისტები და ფოტოგრაფთა საქმით დაინტერესებული სხვა ადამიანები.  აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის(საია) თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი. დაკავებულთა ნაწილის ინტერესებს სწორედ ეს ორგანიზაცია იცავს.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ფოტორეპორტიორთა საქმეში არის მონაცემები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება, თუმცა მას მიაჩნია, რომ მთელი საქმის გასაიდუმლოება არ შეიძლება. ამასთანავე, საია არ ითხოვს იმ  დოკუმენტების გასაჯაროებას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. იურისტის თქმით, საქმეში არის სხვა ინფორმაციაც, როემლიც თავისი არსით არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს, შესაბამისად, მისი დახურვისა და გასაიდუმლოების უფლება სახელმწიფოს არა აქვს. „ახლგაზრდა იურისტები“ ითხოვენ, რომ ამ საქმის შესახებ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ასევე მეტად დასაბუთებული იყოს შსს-ს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაწყვიტა ფოტოგრაფთა საქმის მთლიანად დახურვა, უფრო კონკრეტულად კი საქმის არასაიდუმლო ნაწილის.

პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის – ირაკლი გედენიძისა და მისი ცოლის, ნათია გედენიძის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, მათი ინტერესების დასაცავად შსს-ში საია-ს იურისტი გაგი მოსიაშვილი მივიდა, თუმცა, მას განუცხადეს, რომ ირაკლი გედენიძემ ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა. ამასთან დკაავშირებით თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს უთხრა:  „ჩვენი ადვოკატი წინა დღეს შეხვდა ირაკლი გედენიძეს და ჰქონდა მასთან გასაუბრების საშუალება და მას არანაირად არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ გედენიძე უარის თქმას აპირებდა ჩვენს მიერ დაცვაზე. თუმცა, მეორე დღეს, ბრალის წაყენების დროს მისულ ადვოკატს  განუცხადეს, რომ გედენიძე ადვოკატის მომსახურეობაზე უარს ამბობდა. ჩვენ გვქონდა ერთადერთო მოთხოვნა, რომ პირადად ეთქვა გედენიძეს, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს იყო მისი პირადი აზრი და არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა, თუმცა ჩვენ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვეცა. ჩვენ ამ საქმეში დახმარება სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც ვთხოვეთ, მათ კი სამართალდამცავებს მიმართეს, ჩვენს ადვოკატს გედენიძე ერთხელ მაინც ენახა, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. შესაბამისად, დაგვრჩა ეჭვები, რომ შესაძლოა, ეს არ ყოფილიყო მისი თავისუფალი ნება.“

„ევროპის პრესფოტო სააგენტოს“ დაკავებული ფოტგრაფის- ზვიად ქურციკიძის ინტერესების დამცველ ადვოკატებს სორის ერთ-ერთი – მიხეილ ღორაძე „საიას-ს“ იურისტია. ქურციკიძის მეორე ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა ფოტოგრაფის დაკავების დღესვე განაცხადა, რომ მას სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდა, მიხეილ ღოღაძე კი აცხადებდა, რომ მას დაზიანებები არ შეუმჩნევია.

„ძალიან სერიოზული დაზიანებები ნამდვილად არ აღენიშნება ქურციკიძეს, მაგრამ დაკავების დროს, ან მალევე დაკავებიდან შესაძლოა, მასზე გარკვეული ფიზიკური ძალა იყო გამოყენებული. თუმცა, თავად ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფს არ უნდა, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, ან გაასაჩივროს. მას ვიზუალურად არაფერი არ ეტყობა, თუმცა, არც უარყოფს, რომ შესაძლოა, მასთან გარკვეული ფიზიკური კონტაქტი ყოფილიყო. თვითონ მისი სურვილია,  რომ არ გაასაჩივროს ეს ფაქტი და არ ვისაუბროთ ამაზე,“ – უთხრა ნეტგაზეთს „საია-ს“ ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, ზურაბ ქურციკიძეს მიხეილ ღოღაძისთვის არ უთხოვია რაიმე წერილის გარეთ გამოტანა. თუმცა, რამდენადაც ჩუგოშვილი ინფორმაციას ფლობს, ქურციკიძემ რამდენიმე გზავნილი გამოგზავნა მაინც მოახერხა.  საია-ს ხელმძრვანელი ასევე ვერ იძელვა ინფორმაციას, დაცვის მხარე რა სტრატეგიას აირჩევს მტკიცებულებების შესაგროვებლად და მტკიცებულებების მოსაგროვებლად ითანამშრომლობენ თუ არა „ევროპის პრესფოტო სააგენტოსთან.“

„მე ვფიქრობ, ლოგიკურია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, როცა ერთდროულად რამდენიმე ჟურნალისტის დაკავება ხდება, საქმე საიდუმლოვდება და საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. სწორია, როცა საზოგადოებას მეტი ინფორმაციის მოთხოვნილება უჩნდება. ვფიქრობ, რომ ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ  მყოფი ადამიანების ეფექტურ დაცვას შეძლებენ. რაც შეეხება სასამართლოს, მას შეუზლია სხდომის იმ ნაწილის გახსნა, სადაც განხილული არ იქნება საიდუმლო მასალები,“ – უთხრა თამარ ჩუგოშვილმა ნეტგაზეთს.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოგრაფთა საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებში არსებულ შეუსაბამობებზე ნეტგაზეთს იურისტი ლია მუხაშავრიაც ესაუბრა.

„პირველ  რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თუ მთელი საქმე არის საიდუმლო,  მაშინ გამოძიების მხარეს პროცესუალურად არა აქვს უფლება, საქმის რაიმე ნაწილი გამოიტანოს გასაჯაროებულად და გამოაქვეყნოს.   თუკი მთლიანი საქმე გამოცხადდა საიდუმლოდ, მაშინ ყველაფერი უნდა დახურულიყო ყველასთვის. ეს უკვე არის მხარეთა უთანასწორობა, როცა ადვოკატებს ხელს აწერინებენ და ისინი იძულებულნი არიან კომენტარისგან თავი შეიკავონ და მეორე მხარე გამოდის და „მტკიცებულებებს“ დებს საჯაროდ, ღია ეთერში. ეს, თავისთავად არის ძალიან დიდი დავის საგანი, რომ საქმის გამოძიება არ მიდის ობიექტურად და კანონიერად. ასეთი ტიპის საქმეებში ყოველთვის შეიძლება იყოს საიდუმლო, მაგრამ ეს არ  უნდა შეეხებოდეს მთელ საქმეს და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი: ყველას, ვისაც საბჭოეთში ცხოვრების გამოცდილება გვაქვს, გვახსოვს ის ცნობილი აღიარებები, რომელსაც იყენებდა კომუნისტური რეჟიმი ასეთი საქმეების შემთხვევაში და იგივე სცენართან გვაქვს საქმე. მათ, ვისაც ცოტა გრძელი მეხსიერება გვაქვს, არაფრით არ შეიძლება დავიჯეროთ,  რომ ეს აღიარებები არის ნებაყოფლობითი, პროცესუალურად სწორი და ის ადამიანებმა ნებაყოფლობით გააკეთეს.გამოქვეყნებული სტაელეფონო საუბრები აბსოლუტურად არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ეგეთი საუბარი მეც შეიძლება მქონდეს ყოველდღე და თქვენც,“ – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

პროტესტისა და სოლიდარობის შესახებ „ნეტგაზეთს“ აქციის მონაწილე რამდენიმე ჟურნალისტი ესაუბრა:

ნინო ზურიაშვილი, სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი: „ჩვენი მოთხოვნაა, რომ  ფოტოგრაფების საქმეს ახსნან გრიფი „საიდუმლო“. მე მინდა ვიცოდე,  რატომ არიან ჩემი კოლეგები დაპატიმრებული. ეს არის ყველაზე მთავარი. ის, რაც შსს-მ გამოაქვეყნა, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ბრალი არ გამომდინარეობს იმ მასალებიდან, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა.  რაშიც ეჭვი მეპარება არის ის, რომ ამ ადამიანების სატელეფონო დიალოგს რა კავშირი აქვს ჯაშუშობასთან? ან რუსეთის იმ ორ მოქალაქესთან, რომლებიც გავრცელებულ კადრებში ჩანან და რომელბიც ჯაშუშობისთვის არიან ძებნილნი? აი ამათ შორის კავშირი არ ვიცი. საქმეში როგორც ჩანს და როგორც ადვოკატი ამბობს, არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები, მაგრამ არ არის კავშირი ამ დოკუმენტებსა და დაკავებულ ფოტოგრაფებს შორის. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ეს კავშირია, თორემ სახელმწიფოში რომ არსებობს სახელმიფო საიდუმლოებები, ეს ვიცით.“

სალომე ცეცხლაძე, ჟურნალისტი: „ჩემს პლაკატზე ეწერა „ვინ ვართ შემდეგი?“  – სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. შეიძლება, ნებისმიერი ჩვენგანი დაიჭირონ, ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროონ და ვერაფრით ვერ დავამტკიცებთ, რომ ვართ უდანაშაულოები. თუ დღეს არ ვიქნებით სოლიდარულები, ხვალ ჩვენ აღმოვჩნდებით ამ ფოტოგრაფების ადგილზე.“

იმედა დარსალია, სტუდია „GNS“: „ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბუნდოვანია ყველაფერი და ვითხოვთ საჯაროობას, რათა რეალურად ვიცოდეთ რა ხდება ამ საქმის ირგვლივ. ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. საჯარო გახდეს მათი საქმე და ვერსიებზე მერე ვისაუბროთ. ახლა ჩვენ ეჭვი გვეპარება ფოტოგრაფთა ბრალეულობაში.“

ამავე თემაზე:

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება

სატელევიზო აქცია „კავკასიის“ ეთერში

ინტერვიუ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატთან

ქურციკიძის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციისგან შექმნილი პრობლების ფაქტს ახმიანებს

ფოტორეპორტიორების საქმეზე შეხვედრა აშშ–ს საელჩოში გაიმართება

ფოტორეპორტაჟი: აქცია დაპატიმრებული ფოტოგრაფების მხარდასაჭერად

ფოტოგრაფების საქმეზე ქარტიის საბჭო ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

აქცია ბათუმში

გიორგი აბდალაძე: 26 მაისის კადრებს შევეწირეთ

რა ინფორმაციას იძლევა შსს–ს მიერ გავრცელებული მასალა ფოტორეპორტიორზე

დაკავებული ფოტოგრაფების საქმე













მასალების გადაბეჭდვის წესი