ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება

13 ივლისი, 2011 • 1042
ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტებს შეხვდება

13 ივლისს, 15.00 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი დაკავებული ფოტორეპორტიორების საკითხზე “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” და “მედიის ადვოკატირების” კოალიციის წევრებს  შეხვდება.

ვანო მერაბიშვილთან დაუყოვნებლივ  და საჯარო შეხვედრა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ  11 ივლისს მოითხოვა. ეს ერთ–ერთი პუნქტი იყო იმ მოთხოვნებისა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტანილ განცხადებაში იყო ჩამოყალიბებული.

განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში 13.00 საათზე საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა – შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან დაახლოებით 350 მდე  ჟურნალისტი და მოქალაქე მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას 12  ივლისს გამოეხმაურა, 19.30 საათზე, როცა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ასევე მიმდინარეობდა აქცია. სამინისტრო ჟურნალისტური ქარტიის თავმჯდომარის გარდა დაუკავშირდა კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრებს შორენა შავერდაშვილს, ნინო დანელიას და სხვებს.

სულ 7 მედიის წარმომადგენელი შეხვდება შინაგან საქმეთა მინისტრს. შეხვედრა არ იქნება ღია, თუმცა როგორც ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში გახდა ცნობილი, საზოგადოებას შეხვედრის შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას შეხვედრის დეტალების შესახებ. გადაცემაში მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი მფლობელი თხოვდა დაეცვა ქარტიას თავდაპირველი მოთხოვნა, ყოფილიყვნენ უკომპრომისოები და მოეთხოვათ საჯარო შეხვედრა. თუმცა  ჟურნალისტების უმრავლესობამ, რომელიც გადაცემაში ირებდა მონაწილეობას, განაცხადეს, რომ ისინი ნდობას უცხადებენ იმ პირებს, ვინც შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება და ეს მათთვის ნიშნავს საჯაროობას.

ქარტიის განცხადებაში, რომლითაც ზვიად ქორიძემ 11 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, შეხვედრა მხოლოდ ერთ–ერთი პუნქტია.

ქარტია ასევე თხოვს შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ მოეხსნას  გრიფი “საიდუმლო” დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეს, დაუყოვნებლივ მოეხსნათ  ფოტორეპორტიორების ადვოკატებს დუმილის ვალდებულება,  რათა მათ დროულად და ამომწურავად მიაწოდონ ინფორმაცია მოქალაქეებს;

ქარტია ასევე ითხოვს,  საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალების გაცნობის საშუალება მიეცეს წარმომადგენლობით საზოგადოებრივ კომისიას.

შეხვედრა მინისტრთან 13 ივლისს 15.00 საათზე გაიმართება. 12 ივლისს „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებმა მოუწოდეს ყველას მივიდნენ ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით 7 ივლისს დააკავა ფოტორეპორტიორები – ირაკლი გედენიძე(პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი), ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრეს ფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი), გიორგი აბდალაძე (გაზეთ „ალიას“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) და ნათია გედენიძე (პრაიმტაიმის ფოტორეპორტიორი, ირაკლი გედენიძის მეუღლე). სასამართლომ სამს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ნათია გედენიძე კი გირაო შეუფარდა.

ადვოკატების ინფორმაციით დაკავებული ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მე–6 დღეა შიმშილობს. ირაკლი და ნათია  გედენიძეებმ  გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მისცეს, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე კი ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი