ახალი ამბები

ბასის თქმით, მეტი ღიაობაა აუცილებელი ფოტოგრაფების საქმეზე

12 ივლისი, 2011 • 1054
ბასის თქმით, მეტი ღიაობაა აუცილებელი ფოტოგრაფების საქმეზე

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აშშ–ს ელჩს დღეს მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები შეხვდნენ: “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ და “მედიაკლუბის” წარმომადგენელმა შორენა შავერდაშვილმა ჯონ ბასს იმ საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაციას, რამაც მედიისა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემდეგ.

ზვიად ქორიძის თქმით, ელჩმა განაცხადა, რომ აუცილებელია  მეტი გამჭვირალობა, ღიაობა და სამართლიანობა ამ საქმესთან დაკავშირებით.

დღესვე მედიის კოალიციის ადვოკატირების ორგანიზებით, ფოტოგრაფების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების გამო საპროტესტო აქცია გაიმართება პარლამენტის შენობასთან. აქცია 19:00 საათზე დაიწყება. იმავდროულად ჟურნალისტების ჯგუფი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს ქუთაისში და ფოთში.

გუშინ ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ერთდროულად საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ორგანიზებით.

გუშინ ქარტიის საბჭომ შს მინისტრთან დაუყოვნებლივ და საჯაროდ შეხვედრა მოითხოვა ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია.

გუშინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს და საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდა. დიმიტროვი დაპირდა ქარტიის საბჭოს წევრებს, რომ ფოტოგრაფების საქმის შესახებ დღეს, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი