ახალი ამბები

ქურციკიძის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციისგან შექმნილი პრობლების ფაქტს ახმიანებს

12 ივლისი, 2011 • 1324
ქურციკიძის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციისგან შექმნილი პრობლების ფაქტს ახმიანებს

ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორიორის ადვოკატს ნინო ანდრიაშვილს #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იმ ჩანაწერების გამოტანის საშუალება არ მისცეს, რომელიც მან გუშინ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრისა და საუბრის შედეგად გააკეთა. ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა დაადასტურა. თავად ნინო ანდრიაშვილი, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის იურისტია, ამ წუთებში ისევ #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და ზურაბ ქურციკიძეს ხვდება.

ნანუაშვილის თქმით, გუშინ, მას შემდეგ, რაც ნინო ანდრიაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოდიოდა, შეაჩერეს და ადმინისტრაციამ მისგან იმ ჩანაწერების წაკითხვა მოინდომა, რაც ადვოკატმა ქურციკიძესთან შეხვედრისას გააკეთა. ამის შემდეგ ანდრიაშვილმა ის ფურცელი დახია, რომელზეც ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული. ადმინისტრაციამ ამ ნახევების წაღებაც მოინდომა, თუმცა საბოლოოდ, ნანუშვილის თქმით, ადვოკატამ ამ ნახევების გარეთ გამოტანა მაინც მოახერხა.

“ცხადია, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ,” – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

“ნეტგაზეთი” ამ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში შეეცადა. სამინისტროს პრეს–სამსახურის უფროსის, თეა სუხიშვილის თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან იგი რეალობას მოკლებულია:

“ყველა ადვოკატს აქვს თავისი ნივთების შეტანისა და გამოტანის უფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მიზანი რა უნდა ყოფილიყო ამ ჩანაწერის ჩამორთმევის?! თუკი ადვოკატის გაკეთებული იყო ეს ჩანაწერები, მას ეს ისედაც შეეძლო, ზეპირად გაეხმიანებინა, როდესაც გარეთ გამოვიდოდა”, – აცხადებს თეა სუხიშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ ქურციკიძეს საკუთარი გზავნილი ციხიდან დღეს ადვოკატის საშუალებით უნდა მიეწოდებინა საზოგადოებისთვის.

ზურაბ ქურციკიძის ინტერესებს, ანდრიაშვილის გარდა, კიდევ ორი ადვოკატი იცავს: მიხეილ ღოღაძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან” და ნინო არჩვაძე, რომელიც ევროპის პრესფოტო სააგენტომ დაიქირივა.

ღოღაძის თქმით, გუშინ ის არ შეხვედრია ზურაბ ქურციკიძეს. არჩვაძის თქმით კი, ის შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც თავს ნორმალურად გრძნობს. ხოლო რაც შეეხება გუშინ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროპის პრესფოტო სააგენტოს მტკიცებულებები უნდა გაეგზავნა ქართული გამოძიებისთვის, ნინო არჩვაძე ამბობს, რომ ჯერ არ ფლობს ინფორმციას, მიიღო თუ არა გამოძიებამ ეს მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი