ახალი ამბები

ფოტორეპორტიორების საქმეზე შეხვედრა აშშ–ს საელჩოში გაიმართება

12 ივლისი, 2011 • 1177
ფოტორეპორტიორების საქმეზე შეხვედრა აშშ–ს საელჩოში გაიმართება

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით აშშ–ს ელჩს დღეს მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები შეხვდებიან. შეხვედრა საელჩოში 12 საათზე დაიწყება.

კოალიციის წარმომადგენლები – “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე და “მედიაკლუბის” წარმომადგენელი შორენა შავერდაშვილი ჯონ ბასს იმ საკითხებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას, რამაც მედიისა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია ფოტორეპორტიორების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შემდეგ.

დღესვე მედიის კოალიციის ადვოკატირების ორგანიზებით, ფოტოგრაფების ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების გამო საპროტესტო აქცია გაიმართება პარლამენტის შენობასთან. აქცია 19:00 საათზე დაიწყება. იმავდროულად ჟურნალისტების ჯგუფი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს ქუთაისში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ.

გუშინ ჟურნალისტების საპროტესტო ერთდროულად საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართა, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ორგანიზებით.

გუშინ ქარტიის საბჭომ შს მინისტრთან დაუყოვნებლივ და საჯაროდ შეხვედრა მოითხოვა ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვანო მერაბიშვილი ამასთან დაკავშირებით ამ დრომდე უცნობია. გუშინ სამინისტროდან ქარტიის საბჭოს განუცხადეს, რომ მინისტრი ადგილზე არ იმყოფებოდა და მოგვიანებით უპასუხებდნენ საბჭოს წერილობით მოთხოვნებზე.

“დღესაც ვესაუბრე ტელეფონოთ სამინისტროს კანცელარიის თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი წერილი ჩაბარებულია ადმინისტრაციის უფროსთან, რომელსაც წერილზე რეზოლუცია ამ დრომდე არ დაუდია”, – ამბობს ზვიად ქორიძე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

“ნეტგაზეთი” შეეცადა შესაბამისი განმარტება მოეპოვებინა შსს–ს ადმინისტრაციის უფროსისგან, თუმცა შოთა ხიზანიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს. სამინისტროს კანცელარიაში კი იგივე გვითხრეს, რაც ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, რომ წერილს ამ დრომდე არ ადევს ადმინისტრაციის უფროსის რეზოლუცია.

გუშინ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩს, ფილიპ დიმიტროვს და საქართველოს სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდა. დიმიტროვი დაპირდა ქარტიის საბჭოს წევრებს, რომ ფოტოგრაფების საქმის შესახებ დღეს, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე იმსჯელებენ.

 

ამავე თემაზე:

ფოტოგრაფების საქმეზე ქარტიის საბჭო ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი