ახალი ამბები

თამარ კორძაიას აზრით, პარლამენტმა პარლამენტარის ქცევის კოდექსი უნდა შეიმუშაოს

18 მარტი, 2016 •
თამარ კორძაიას აზრით, პარლამენტმა პარლამენტარის ქცევის კოდექსი უნდა შეიმუშაოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ თამაზ მეჭიაურის განცხადება “იდენტობის” აქციასთან დაკავშირებით არაეთიკურია.

დეპუტატის მოსაზრებით, აუცილებელია პარლამენტმა პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსზე იმუშაოს.

“დამსჯელი ღონისძიებები ასეთიი ტიპის განცხადებებისთვის არ არსებობს, ერთადერთი გზა არის, ამომრჩეველმა გასცეს მას პასუხი. მე არ ვარ მისი [თამაზ მეჭიაურის] განმკითხავი, ჩემი ლექსიკა არ არის ისეთი, როგორიც ჩემი ზოგიერთი კოლეგის არის. პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი და შესაბამისი სისტემა, რომელიც რეაგირებას მოახდენს მსგავსი ტიპის განცხადებაზე.  მე ვთვლი, რომ მისი განცხადება არ არის ეთიკური”, – განაცხადა კორძაიამ.

რაც შეეხება “იდენტობის” აქციას, დეპუტატის თქმით, ეს ორგანიზაციის წევრების გამოხატვის თავისუფლებაა.

18 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტებს პლენარულ სხდომაზე ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო კომისიის შექმნის განხილვას.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე  დაგეგმილ აქციას ჰომოფობიური განცხადებებით გამოეხმაურნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი