ახალი ამბები

ომბუდსმენი: შსს მოქალაქეს, რომლის სახლსაც საგუშაგოსთვის იყენებდა, კომპენსაციას არ აძლევს

18 მარტი, 2016 •
ომბუდსმენი: შსს მოქალაქეს, რომლის სახლსაც საგუშაგოსთვის იყენებდა, კომპენსაციას არ აძლევს

საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, შსს კომპენსაციას არ უხდის მოქალაქეს, რომლის სახლსაც შიდა ქართლის გამყოფი საზღვრისპირა სოფელში პოლიციის საგუშაგოსთვის იყენებდა. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მოქალაქის სათანადო საცხოვრებლის უფლება და დარღვეული უფლების აღსადგენად იგი ალტერნატიული საცხოვრებლით ან შესაბამისი ფულადი ანაზღაურებით უნდა უზრუნველყონ მანამ, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგუშაგო განთავსებულია განმცხადებლის სახლის მომიჯნავედ.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ტ. თ.-ს სახლის მომიჯნავედ მდებარე პოლიციის საგუშაგო და ტ. თ.-ს სახლის კედელი გამიჯნული არ არის ერთმანეთისაგან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სახლი საგუშაგოს ინფრასტრუქტურის ნაწილია.

“უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს დამატებით ქმნის დაბრკოლებას მოქალაქის ოჯახისთვის სახლში დასაბრუნებლად”, – აცხადებს ომბუდსმენი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები ტ.თ-ს, 2008 წლის ომის დროს დაზიანებულ სახლთან ახლოს, 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის საგუშაგო განათავსა, სახლი კი საგუშაგოს პირადი შემადგენლობისათვის იქირავა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ 2015 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქესთან ხელშეკრულება აღარ განაახლა. ტ.თ.-ს სახლი 2015 წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში დახვდა და საცხოვრებლად უვარგისია. სახლის მდგომარეობის, ასევე პოლიციის საგუშაგოსთან სიახლოვის გამო ტ.თ. და მისი მეუღლე სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ უფლება სათანადო საცხოვრებელზე ეთანხმება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპს, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო პირების სამხედრო ობიექტებისაგან განცალკევებას, რადგან ასეთ ადგილას ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. მეორე მხრივ, სახელმწიფომ ადეკვატური საცხოვრებელი პირობები უნდა შესთავაზოს ასეთ პირს და არ უნდა დატოვოს ის სათანადო საცხოვრებლის გარეშე.

ომბუდსმენმა შსს-ს რეკომენდაციით 2015 წლის 14 დეკემბერს მიმართა. თუმცა შსს არ მიიჩნევს პოლიციის საგუშაგოს სამხედრო ობიექტად, რადგან ის „ოკუპირებული ტერიტორიის ხაზის გასწვრივ უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ამოცანებს ასრულებს“.

შსს-ს პასუხში ასევე აღნიშნული იყო, რომ „საცხოვრებელი სახლის დაზიანება/ამორტიზაცია მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად“, განმარტავს ომბუდსმენი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი