ახალი ამბები

შსს: გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა დაკავებულია

17 მარტი, 2016 • 1166
შსს: გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 წლის თ. გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს მისსავე საცხოვრებელ ბინაში ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა,”- აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც  განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი