ახალი ამბები

თამაზ მეჭიაური ლარის გამყარებას ეროვნული ბანკიდან ქადაგიძის წასვლას უკავშირებს

16 მარტი, 2016 • 1142
თამაზ მეჭიაური ლარის გამყარებას ეროვნული ბანკიდან ქადაგიძის წასვლას უკავშირებს

“ლარის გამყარება საეჭვოდ ემთხვევა გიორგი ქადაგიძის წასვლას,”- ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას.

მეჭიაურის განცხადებით, ლარი თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება:

“უმნიშვნელო ცვლილებები არის ექსპორტში, ინვესტიციებში, ზოგი დადებითი, ზოგიც უარყოფითი, მაგრამ რაიმე ისეთ, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, რასაც ასეთი მკვეთრი გამყერების გამოწვევა შეეძლო, მე ვერ ვხედავ. მე ადრეც ვამბობდი, რომ [ლარის გაცვლითი] კურსი რეალურ სიტუაციას არ შეესაბამებოდა. ლარი თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება.”

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ მისი თანაგუნდელები ქადაგიძეში რისკებს ნაკლებად ხედავდნენ, ხოლო თვითონ ამ რისკებს გასული წლის გაზაფხულის შემდეგ ხედავს:

“ხდებოდა ლარის კურსის დაცემა და არაოფიციალური წყაროებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ კურსის დაცემით გამოწვეული უარყოფითი მუხტი ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო, რაც ვეღარ მოხერხდა, რადგან მაშინ ჩვენ ძალიან მიზანმიმართულად, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, ზომაზე მეტადაც ვურტყით ეროვნული ბანკის პოზიციებს და მოსახლეობას დავანახეთ, რომ რაც ხდება, იმაში დამნაშავე ისინი[ეროოვნული ბანკი] არიან და თუ მომავალში მოხდება, დამნაშავე ხელისუფლება კი არ იქნება, არამედ ისევ ეროვნული ბანკი და მისი ხელმძღვანელობა, რომელიც არის ძალიან პოლიტიზებული და ფაქტობრივრად უკრაინიდან იმართება.”

მეჭიაურის თქმით, ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელობა “თავგადაკლული მეოცნებეები” არ არიან:

“მე არ ვამბობ, რომ ვინც დარჩა, თავგადაკლული მეოცნებეები არიან, მაგრამ ისინი გაცილებით ნაკლებად პოლიტიზიბულები არიან და, როგორც ვატყობ, ცდილობენ, რომ თავისი პოლიტიკური ამბიციები არც გამოამჟღავნონ. ამან მათ მიერ მიღებულ სხვადასხვა გადაწყვეტილებებთან ერთად დადებითად იმოქმედდა ლარის კურსზე. ”

ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი მყარდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 17 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.3240 ლარი ღირს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი