ახალი ამბები

04:00: ფოტორეპორტიორებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს

9 ივლისი, 2011 • 1111
04:00: ფოტორეპორტიორებს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს

სამ რეპორტიორს პროკურატურამ ბრალი წაუყენა სისხლის სამართის კოდექსის 314–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს  ჯაშუშობას.  დაკავებულების ადვოკატებმა “მოდულის” შენობა 9 ივლისს 04.00 საათზე დატოვეს.

მეოთხე ფოტოგრაფი, ნათია გედენიძე თავისუფალია, მან მოდულის შენობა წუხელ, გვიან ღამით დატოვა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნათია გედენიძის მეუღლემ და პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა წაყენებული ბრალი აღიარა და თავს დამნაშავედ მიიჩნევს.  თავდაპირველად, ადვოკატები არ ფლობდნენ ინფორმაციას ნათია გედენიძის გათავისუფლების შესახებ, თუმცა ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი იტყობინება.

ბრალის წაყენების პროცედურა დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ამის შემდეგ ადვოკატები საქმეს ეცნობოდნენ.

ფოტოგრაფების სასამართლო პროცესი აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე 9 ივლისს, დაახლოებით 10.00 საათზე გაიმართება.

“ნეტგაზეთი” ესაუბრა  ზურაბ ქურციკიძის და გიორგი აბდალაძის უფლებების დამცველებს, მას შემდეგ, რაც ადვოკატებმა დატოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ვაჟა ფშაველას გამზირზე.

ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფოტოგრაფი აბდალაძე აგრძელებს შიმშილობას. “ფიზიკურად სუსტად გამოიყურება, თუმცა მორალურად მხნედ”.

ჩინჩალაძის ამბობს, რომ საქმე ერთი ტომისაგან შედგება.

საქმის მასალებს გაეცნო მიხეილ ღოღაძეც, საიას ადვოკატი, რომელიც ევროპის პრესფოტო სააგენტოს რეპორტიორის –ზურაბ ქურციკიძის უფლებებს იცავს.

არც ერთი ადვოკატი არ საუბრობს საქმის სხვა დეტალებზე, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104–ე მუხლის (გამოძიების მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობა) თანახმად, გამოძიებამ დაავალდებულა ადვოკატები, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ საქმეში არსებული ცნობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ღოღაძის თქმით ზურაბ ქურციკიძის ჯანმრთელობის მდგომარება ნორმალურია: “თქვა რომ დიაბეტი აქვს, თუმცა წამლებს მაწვდიანო”.

“ნეტგაზეთმა” ვერ მოახერხა დაკავშირება პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის ახალ ადვოკატთან. მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები–გაგი მოსიაშვილი და მაია ხუციშვილი იცავდნენ, თუმცა ბრალის წაყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამომძიებელმა  გაგი მოსიაშვილს აჩვენა წერილი, რომლის მიხედვითაც გედენიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების დაცვაზე უარს აცხადებს.

გაგი მოსიაშვილმა მოითხოვა, რომ პირადად შეხვედროდა დაკავებულებს და გაერკვია მიზეზები, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. ამ დროისთვის საია-ს იურისტს არ ჰქონდა ინფორმაცია ნათია გედენიძის გათავისუფლების შესახებ.

ფოტოგრაფები –  ევროპის პრეს ფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის  და გაზეთ “ალიას” ფოტოგრაფი გია აბდალაძე სამართალდამცავებმა 7 ივლისს, შუაღამისას დააკავეს.  იმ ღამით დაკავებული “ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი  შაჰ აივაზოვი  დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, ნათია გედენიძემ კი შსს-ს შენობა დაკავებიდან დაახლოებით 48 საათში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი