ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხელისუფლებას მეტი საჯაროობისკენ მოუწოდებს

8 ივლისი, 2011 • • 1129
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ხელისუფლებას მეტი საჯაროობისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტების უფლებების დამცველის საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეწუხებულია თბილისში ოთხი ცნობილი ფოტოგრაფის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების გამო. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ დღეს, 8 ივლისს გაავრცელა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ  ფოტოგრაფთა დაკავების მიზეზები საჯაროდ ახსნას და დაკავებულთა საქმის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად გაავრცელოს.

„სახელმწიფოს ნამდვილად აქვს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოვალეობა, მაგრამ ჯაშუშებისადმი შიშმა საქართველოში მედიის დაშინებას არ უნდა შეუწყოს ხელი და უსაფრთხოების ღონისძიებებმა არ უნდა გათელოს დემოკრატიული პრინციპები,“ – ნათქვამია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია სადაზვერვო და სამართალდამცავ უწყებებს ფოტოგრაფთა საქმის მშვიდი და მიუკერძოებელი გამოძიების, ასევე მათი უფლებებისადმი და პროცედურული ნორმების დაცვისაკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაცია დაკავებული ფოტოგრაფების სახელებსაც აქვეყნებს: ირაკლი გედენიძე – პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, მისი მეუღლე ნათია გედენიძე – გაზეთ „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი, ზურაბ ქურციკიძე – ვეროპის პრესს ფოტო სააგენტო და გიორგი აბდალაძე – საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი. „რეპორტიორების“ განცხადებაში ასევე საუბარია „ესოშიეითიდ პრესის“ ჟურნალისტის შაჰ აივაზოვის დაკავების შესახებ, რომელიც დაკითხვის შემდეგ გაანთავისუფლეს.

„რეპორტიორები“ წერენ, რომ დაკავებეულ ოთხ ფოტოგრაფს ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლება ემუქრება, რაც საქართველოს კანონმდებლობით 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ორგანიზაცია დაკავებული ფოტოგრაფების ნათესავებზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველებმა მათი დაკავებისას ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მეხსიერების ბარათები და ფოტოაპარატები.

„ჟურნალისტური მასალების დაყადაღება არის ჟურნალისტთა წყაროების კონფიდენციალურობის დაცვის  პრინციპის დარღვევა და მსგავსი ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, იშვიათად, ისიც სპეციფიური გარემოებების შემთხვევაშია გაამრთლებული,“- წერს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.“ იგივე განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ომმა საქართველოში ხელი შეუწყო პარანოიის გაზრდას უსაფრთხოებასთან დკაავშირებით, ხოლო ოპონენტები ერთმანეთს ხშირად უყენებენ „რუსეთის ჯაშუშის“ ბრალდებას.

განცხადების დასასრულს, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავს, რომ საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ 178 ქვეყანას შორის 99-ე ადგილზე იმყოფება.

ამავე თემაზე:

დაკავებული ფოტოგრაფებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

საია სამართალდაცავებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ფოტოგრაფების საქმე

ფოტორეპორტიორების სოლიდარობის აქცია: 15.00

სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით

მანანა მანჯგალაძე დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ

დაკავებული ფოტოგრაფების საქმე






მასალების გადაბეჭდვის წესი