სემეკისა და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელების ხელფასები არ შემცირდება

პარლამენტმა კანონპროექტებს, რომლებიც სემეკის თავმჯდომარისა და წევრების, ასევე საპარტნიორო ფონდის მთავარი აღმასრულებლის  შრომითი გასამრჯელოს ზღვრული ოდენობის დადგენას ისახავს მიზნად, მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტმა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონპროექტს  პირველი მოსმენით 24 ხმით 12-ის წინააღმდეგ არ დაუჭირა მხარი. დეპუტატებმა 26 ხმით 12 ის წინააღმდეგ ჩააგდეს კანონპროექტი ” ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ხოლო  “სააქციო საზოგადოება – საპარტნიორო ფონდის” შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებული კანონპროექტი 26 ხმით 1-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

კანონპროექტის ინიციატორია  აკაკი ბობოხიძე, დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან. მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღამატებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სარგოს განაკვეთს, ხოლო კომისიის წევრების შემთხვევაში – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. ინიციატივის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველთვიურ თანამდებორვი სარგოს არც საპარტნიორო ფონდის მთავარი აღმასრულებლის სარგო  უნდა აჭარბებდეს.

“კანონპროექტის შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი, რომელიც გააჩნიათ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს. რაც დღეს საქართველოში არსებულ ყველაზე მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალია,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

___________________________________________________________________________________________

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 ათასი ლარია. გიორგი პაპუაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 27 მაისს ჩააბარა, რომლის თანახმად 2014 წელს ამ თანამდებობიდან მისმა შემოსავალმა 135 641 ლარი შეადგინა.

ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 ათასი ლარია.

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად 2015 წლის 23 სექტემბერს დაინიშნა. მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 21 ათასი ლარია, თუმცა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 31 დეკემბრამდე შემოსავლის სახით 84 ათასი ლარი მიიღო.

IDFI-ს ინფორმაციით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 16 642 ლარია, ხოლო წევრის- 15 810 ლარი. კომისიის თავმჯდომარემ,  ირინა მილორავამ დეკლარაცია 2015 წლის  26 ოქტომბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით 2014 წლის მანძილზე მან ამ თანამდებობიდან შემოსავლის სახით მიიღო 159 812 ლარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.