ახალი ამბები

მანანა მანჯგალაძე დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ

8 ივლისი, 2011 • • 1761
მანანა მანჯგალაძე დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ

მანანა მანჯგალაძე /ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მანანა მანჯგალაძე /ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

” აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ფოტოგრაფების დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ინტერნეტ გამოცემა presa.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება “სერიოზული ინფორმაციის გაჟონვას და აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე, ან მედიასაქმიანობაზე.” მანანა მანჯგალაძის კომენტარი პრეზიდენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, ნეტაზეთი მას უცვლელად გთავაზობთ:

„მე არ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ მეტად მგრძნობიარე საქმის თაობაზე, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოვფინო: საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე.

ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ გუშინ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის. მათ ბრალი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენეს. კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი. მე მხოლოდ ბრალდებაზე ვსაუბრობ და ცხადია, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

მათგან ორი იყო საჯარო მოხელე, ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან. შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც, საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა.

მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში – ვერც მხარდამჭერს და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ – რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში.

ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან, ” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი