ახალი ამბები

EPA სააგენტო ქართველი რეპორტიორის დაკავებაზე

7 ივლისი, 2011 • 1076
EPA სააგენტო ქართველი რეპორტიორის დაკავებაზე

ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (EPA) სათაო ოფისში,  საქართველოში მათი კორესპონდენტის, ზურაბ ქურციკიძის დაკავების თაობაზე ინფორმაცია “ნეტგაზეთისგან” შეიტყვეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სააგენტოს სათაო ოფისს ფრანკფურტში, სადაც გვითხრეს, რომ მათ საქართველოდან აღნიშნული ფაქტის თაობაზე არავინ დაკავშირებია.

ზურაბ ქურციკიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით გამთენიისას დააკავა.

“საქართველოში ჩვენი კორესპონდენტი არის ზურაბ ქურციკიძე და ის ჩვენთან სამუშაოზე აყვანილი იყო იმ გამოცდილების მიხედვით, რაც მას აქვს, როგორც ფოტოგრაფს. ის მოსკოვის ოფისის მიერ იქნა დაქირავებული.

რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდებას, არის ხოლმე ასეთი სპეკულაციები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო აკავებენ ჟურნალისტებს და უმრავლეს შემთხვევაში ამბობენ, რომ ჯაშუშობენ, რადგან ვიღაც გაურბის კამერას, არ მოწონთ, რომ უღებენ და ა.შ.” – განუცხადეს ევროპის პრესფოტოს სააგენტოში “ნეტგაზეთს”.

მათივე თქმით, ისინი შეეცდებიან ქურციკიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას სააგენტოს მოსკოვის ბიუროში, რომელიც ხელმძღვანელობს საკორესპონდენტო ქსელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

ევროპის პრესფოტოს სააგენტო დაარსებულია დასავლეთ ევროპის შვიდი უმსხვილესი ფოტოსააგენტოს მიერ. სააგენტო ეფუძნება დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პასუხისმგებლობას.

სააგენტოს ფოტოგრაფები მუშაობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სააგენტოს მომსახურება იმართება რედაქტორატის მიერ, რომელთა ოფისი განთავსებულია ფრანკფურტში, გერმანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი