ახალი ამბები

ფოტოგრაფების დაკავება– განახლებადი რეჟიმი

7 ივლისი, 2011 • 1530
ფოტოგრაფების დაკავება– განახლებადი რეჟიმი

20:11, ნეტგაზეთი: ირაკლი და ნათია გედენიძეებმა არ იციან, რა ბრალს უყენებს მათ გამოძიება. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მათმა ადვოკატმა მაია ხუციშვილმა აცნობა. გამოძიებას ისინი ამ დრომდე არ დაუკითხავს და არც ბრალი წაუყენებიათ ოფიციალურად. ადვოკატი მაია ხუციშვილი ამბობს, საქმის დეტალების შესახებ საუბარი არ შეუძლია. ის დაკავებულებთან შესვლას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ელოდა, რისი მიზეზიც, როგორც თავად ამბობს, იზოლატორის გადატვირთულობა იყო. ხუციშვილის თქმით, დაკავებულები თავს ჯანმრთელად გრძნობენ.

20:03, ნეტგაზეთი: გია აბდალაძე, მისი ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

“როდესაც შევხვდი, მან მითხრა, რომ დილის 6 საათის შემდეგ, როდესაც ის გადაიყვანეს მოდულის შენობაში, არც რაიმე სითხე მიუღია და არც საკვები. ყველაფერ იმას კი, რაც ხდება მან მარაზმი უწოდა,” – ცხადებს რამაზ ჩინჩალაძე.

მისივე თქმით, აბდალაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ და შესაბამისად, ჯერ არც ბრალი წაუყენებიათ მისთვის.

18.15 ნეტგაზეთი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის თქმით, დღეს დაკავებულ ფოტოგრაფებს „ძალიან სერიოზულ ბრალდებებს წაუყენებენ“. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა. ეკა ზღულაძე ასევე აცხადებს, რომ შპიონაჟის მუხლთან დაკავშირებით გამოძიება მიდნაროებს.

17:26, ინტერპრესნიუსი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გიორგი აბდალაძე არ ირიცხება საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატიან თანამშრომლად და ის სამინისტროში მოკლევადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს.
გამოძიების დასრულებამდე საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიისთვის კომენტარის გაკეთებას არ გეგმავს.

17.00 ნეტგაზეთი: პრეზიდენტის ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის, ნათია გედენიძის უფლებებს ახალგაზდრა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიას ადვოკატები მიხეილი ღოღაძე და მაია ხუციშვილი ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან და დაკავებულებს ხვდებიან.

16.46: ნეტგაზეთი: ჯაშუშობის ბრალდებით ოთხი ქართველი ფოტოგრაფის დაპატირმებას მსოფლიო მასშტაბით წამყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან, მათ შორის „ბი-ბი-სი“, „როიტერსი“, „გარდიანი“, Life, „ესოშიეითიდ პრესი“, „ფორბსი“, „ბლუმბერგი“, საინფორმაციო სააგენტო „ფოკუსი“, “ფრანს პრესი“, „დოიჩე ველე“ და ა.შ

ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ თბილისი ბიუროს ჟურნალისტი დამიან მაკგინესი წერს, რომ ეს ფაქტი შპიონაჟის ბრალდებით ჟურნალისტების დკაავების პირველი შემთხვევაა, ხოლო რუსეთის სასარგებლოდ ჯასუშობის ბრალდებით 2004 წლიდან დღემდე საქართველოში არაერთი ადამიანია დაკავებული. ჟურნალისტის თქმით, 2006 წელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 4 პირის დაკავებას და ამ ყველაფრის ტელევიზიით ჩვენებას, რუსეთიდან საქართველოში ასეულობით არალეგალის დეპორტაცია მოჰყვა.

საერთაშორისო მედიის გარდა, ფოტოგრაფების დაპატიმრების ამბავს გამოეხმაურა ადგილობრივი პრესა აშშ-ში, მათ შორის San Francisco Cronicle, Star Tribune,  San Antonio Express, The Miami Herald, Macon Telegraph და ა.შ. მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აშუქებენ ადგილობრივი ევროპული მედიასაშუალებებიც.

16.02: ნეტგაზეთი: ერთ–ერთი დაკავებული ფოტოგრაფი, რომელსაც ბრალი ედება ჯაშუშობაში «პრაიმ–ტაიმის» და «კვირის პალიტრის» ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძეა. ჟურნალ «პრაიმ ტაიმის» რედაქტორი თაკო ფხაკაძე «ნეტგაზეთთან» საუბარში ამბობს, მან დილით ერთ–ერთი ჟურნალისტისგან გაიგო გედენიძის დაკავების შესახებ და არ ფლობს არანაირ დამატებით ინფორმაციას, გარდა იმისა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. კითხვაზე, როგორ აფასებს ამ დაკავებას, ფხაკაძემ განაცხადა: «ვერაფრით ვერ შევაფასებ. არის უმძიმესი ფაქტი და ბრალდება თუ ეს დადასტურდა, ახლა როგორ უნდა შევაფასო».

14.59 ნეტგაზეთი: EPA–ს ფოტორეპორტიორის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა ნინოა ანდრიაშვილმა ასეთი განმარტებები მისცა პრესას:

“მე შევხვდი მას და სახეზე ეტყობა დაზიანებების კვალი, რომელიც, ჩემი აზრით, არის ფიზიკური ზეწოლის შედეგად მიყენებული.

დავა ეხება მის საქმიანობას. მისი თქმით, ფოტოები, რომელსაც იგი იღებდა, გადაეცემოდა იმ კომპანიას, რომელსაც იგი ექვემდებარებოდა და რომელიც მდებარეობს მოსკოვში, თუმცა ცენტრი არის ფრანკფურტში. საუბარია ოფიციალური პირების ფოტოებზე, მათ შორის ქვეყნის პირველი პირის ფოტოებზე, თუმცა აღნიშნული ფოტოები, მისივე განმარტებით, გადაღებული იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის – გედენიძის მიერ, რომელიც არჩევდა ფოტოებს და გადასცემდა სხვადასხვა ფოტოგრაფებს სწორედ საჯაროდ გამოყენების მიზნით და მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე დანაშაულის ნიშნებს.

მისივე თქმით, მისი სახლიდან ამოღებულია, 9 ათასი ევრო, რომელიც მისი პირადი მოხმარების იყო და რომელიც გადაეცა მას იმ კომპანიიდან, რომელშიც მუშაობს.

საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მე მექნება უკვე ნათელი წარმოადგენა, თუ რა ხდება საქმეზე, რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას მის საწინააღმდეგოდ და ამის შემდეგ შევძლებთ დეტალებზე საუბარს.

რა თქმა უნდა, არ აღიარებს ბრალს, იგი არის გაოცებული, გაოგნებული იმ სიტუაციის გამო, რაშიც იგი ჩავარდა, ანუ ვერც კი წარმოუდგენია, რომ მის გარშემო ხდება ეს ყველაფერი და მეკითხებოდა, დღეს მე სად ვიქნები. რა თქმა უნდა, დღეს მოხდება მისი დაკითხვა და შემდგომ უკვე აღკვეთის ღონისძიებისათვის გადაიყვანენ სასამართლოში.

ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალი არ წაყენებია მას.”

14.50:ნეტგაზეთი: გია აბდალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა:

“კონკრეტულ საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, აქედან გამომდინარე მოკლებული ვართ შესაძლებლობას საზოგადოებას მივაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია, ჯაშუშობაზე არიან დაკავებულები.”

ამავე პირის კიდევ ერთმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ მოინახულა დაკავებული, რომელიც ჯანმრთელადაა.

14.23: ნეტგაზეთი: ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი გამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვდა გამომძიებელს და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის მიხედვითაც არ გაახმაურებს საქმის დეტალებს, რადგან იგი “გრიფით საიდუმლოა”. ამჟამად ის ისევ შევიდა სამინისტროს შენობაში, რათა შეხვდეს დაკავებულ ფოტორეპორტიორს.

14:16, ნეტგაზეთი: ევროპის პრესფოტოს სააგენტოს (EPA) სათაო ოფისში,  საქართველოში მათი კორესპონდენტის, ზურაბ ქურციკიძის დაკავების თაობაზე ინფორმაცია “ნეტგაზეთისგან” შეიტყვეს.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სააგენტოს სათაო ოფისს ფრანკფურტში, სადაც გვითხრეს, რომ მათ საქართველოდან აღნიშნული ფაქტის თაობაზე არავინ დაკავშირებია.

ზურაბ ქურციკიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით გამთენიისას დააკავა.

“საქართველოში ჩვენი კორესპონდენტი არის ზურაბ ქურციკიძე და ის ჩვენთან სამუშაოზე აყვანილი იყო იმ გამოცდილების მიხედვით, რაც მას აქვს, როგორც ფოტოგრაფს. ის მოსკოვის ოფისის მიერ იქნა დაქირავებული.

რაც შეეხება ჯაშუშობის ბრალდებას, არის ხოლმე ასეთი სპეკულაციები, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო აკავებენ ჟურნალისტებს და უმრავლეს შემთხვევაში, ამბობენ, რომ ჯაშუშობენ, რადგან ვიღაც გაურბის კამერას, არ მოწონთ, რომ უღებენ და ა.შ.” – განუცხადეს ევროპის პრესფოტოს სააგენტოში “ნეტგაზეთს”.

მათივე თქმით, ისინი შეეცდებიან ქურციკიძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას სააგენტოს მოსკოვის ბიუროში, რომელიც ხელმძღვანელობს საკორესპონდენტო ქსელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც.

ევროპის პრესფოტოს სააგენტო დაარსებულია დასავლეთ ევროპის შვიდი უმსხვილესი ფოტოსააგენტოს მიერ. სააგენტო ეფუძნება დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პასუხისმგებლობას.

სააგენტოს ფოტოგრაფები მუშაობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. სააგენტოს მომსახურება იმართება რედაქტორატის მიერ, რომელთა ოფისი განთავსებულია ფრანკფურტში, გერმანიაში.

13.58: ინტერპრესნიუსი: პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძისა და მისი მეუღლის, ნათია გედენიძის ბინა და ავტოფარეხი დალუქულია.

13.54: ნეტგაზეთი: შინაგან საქმეთა სამინისტროს (ე.წ. მოდულის) შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვდა გამომძიებელს და რადგან საქმეს მინიჭებული აქვს “გრიფით საიდუმლო”, სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს. მან მხოლოდ ის დაამატა, რომ მალე შეხვდება დაკავებულებს,– იტყობინება “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი.

13.50: ნეტგაზეთი: ე.წ. “მოდულის” შენობასთან მივიდნენ “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები, რომლებმაც გაშალეს პლაკატი. პლაკატზე ერთმანეთის გვერდიგვერდ გამოსახულინი არიან ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქცია მოდულის შენობასთან
აქცია მოდულის შენობასთან

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ფოტოგრაფები. ვფიქრობთ, რომ ისინი არიან უდანაშაულონი, ამავე დროს დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს განმარტება, თუ რატომ მოხდა მათი დაკავება, მაგრამ პრინციპში ეს ჩვენ ბევრს არაფერს მოგვცემს იმიტომ, რომ ვიცნობთ ამ ფოტოკორესპონდენტებს, ვიცით ვინ არიან ისინი, მათ შეუძლებელია რაიმე კავშირი ჰქონდეთ ჯაშუშობასთან ან რაიმე დანაშაულთან.

მე, პირადად, მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა ზურაბ ქურციკიძესთან, არის უპატიოსნესი ადამიანი, ძალიან ხათრიანი ადამიანი და შეუძლებელია, რომ მას რაიმე სახის დანაშაულთან ჰქონდეს კავშირი.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი. მე პირადად ვფიქრობ, რომ, ალბათ, ამ ფოტოგრაფებმა გადაიღეს რაღაც ისეთი კადრები, რაც ზოგიერთ ჩვენს მაღალჩინოსანს არ მოეწონა და შემდეგ მოხდა მათი დაკავება და ახლა ცდილობენ, რომ მოიფიქრონ რაღაც დანაშაულთან დაკავშირებული ამბავი”, – განცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

13.40: ნეტგაზეთი: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მივიდა “მოდულის” შენობასთან და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას გაზეთ “ალიას” ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ადვოკატები ვერ ახერხებდნენ დაკავებულ ფოტოგრაფებთან შესვლას. მისი თქმით ამჟამად ადვოკატებმა ორი საათის დაგვიანებით მოახერხეს შესვლა დაკავებულებთან.

ხატიაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, შეურთდნენ მის მოთხოვნას ევროკავშირის სახელზე, რათა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცხადებული იქნას პერსონა ნონ გრატად.

13.10: შინაგან საქმეთა სამინისტრო:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და  გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის  მიწოდება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

12. 38: ნეტგაზეთი: “ასოშეიტედ პრესის” ფოტოგრაფი  შაჰ აივაზოვი არ დაუკავებიათ. მან «მოდულის» შენობა დატოვა ისე, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

12:30, ნეტგაზეთი: “მოდულის” შენობასთან მივიდა ფოტოგრაფ გია აბდალაძის მეუღლე ნესტან ნეიძე და ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე. ადვოკატი აბდალაძის მონახულებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ის შენობის წინ იმყოფება. აბდალაძის ცოლმა ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ მოუყვა დაკავების დეტალები:

ნესტან ნეიძე
ნესტან ნეიძე

“გუშინ დღისით არც მყავდა გია ნანახი. ვიცი, რომ ნატოს რაღაცა ღონისძიება იყო და იქ იყო გადაღებაზე.  ღამის პირველ საათზე მოვიდა სახლში დიდი თაიგულით, დაბადების დღე მაქვს და ორ საათზე, სამის წუთებზე უკვე მოვიდნენ ისინიც.

შემოვიდნენ ჩვენს სახლში, ჩატარდა ჩხრეკა, ანუ ყველანი გამოგვიყვანეს ოთახებიდან – დედაჩემი, მამაჩემი, ბავშვს ეძინა და დილის 6 საათამდე, ასე წვრილ–წვრილად ყველა ოთახში იყო ჩხრეკა და ამოიღეს მამაჩემის კუთვნილი ლეპტოპი, რაც კი კომპაქტ–დისკი იყო სახლში და გიას აპარატურა.

წაიღეს ჩვენი კუთვნილი მობილურებიც, ანუ ოჯახის წევრების და ძირითადი აქცენტი იყო, რომ არსად არ დაგვერეკა.

სამოქალაქო ფორმაში იყო ყველა. ერთი გაგვეცნო გამომძიებლად და დანარჩენებმა ოპერატიული მუშაკები ვართო, ანუ ვისაც ეტყობა უშუალოდ ეს ჩხრეკა ევალებოდა.

მათ რაიმე განმარტება არ გაუკეთებიათ ჩვენთვის, უბრალოდ, დედაჩემი და მამაჩემი რომ ჩაეკითხნენ, თუ ჰქონდათ, რაღაცა საბუთები წარმოედგინათ, წარმოგვიდგინეს ყველამ, უბრალოდ იმდენად ვნერვიულობდი, რომ  გვარ–სახელი არ წამიკითხავს. იქ ეწერა, რომ 314–ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებული არის და შემდეგ გეტყვითო, მოდულის შენობაში განგიმარტავენო. ჩვენთვის არ ყოფილა არანაირი განმარტება მოცემული, უბრალოდ გიას უთხრეს, იქ გაირკვევა ყველაფერიო..

ჩემი მეუღლე ამჟამად მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–ცენტრში, მოწვეულ სპეციალისტად, ფოტოგრაფად, აგრეთვე თანამშრომლობდა გაზეთ “ალიასთან”.

12:00, ნეტგაზეთი: საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, შეშფოთებას გამოთქვამს ფოტორეპორტიორების დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ განმარტოს ფოტორეპორტიორების დაკავების მიზეზები და ოფიციალური საფუძველი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ ფოტორეპორტიორების დაკავების საქმით.

11. 40, «ნეტგაზეთი»: დაკავებული ირაკლი გედენის დედა მარინა ანდღულაძე აცხადებს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე დააკავეს. მან ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლისგან 10.00 საათზე გაიგო, რომელმაც ე.წ. «მოდულის» შენობიდან დაურეკა.

ანდღულაძე «ნეტგაზეთთან» საუბარში ამბობს, რომ სამართალდამაცვებმა დაურეკეს ნათია გედენიძის თხოვნით და შეატყობინეს, რომ დაკავებული არიან. «რაღაც გაუგებრობააო», –ასე მითხრეს. მისივე ცნობით დაკავებულებს ჯერჯერობით არა ჰყავთ ადვოკატი.

ჯერჯერობით უცნობია რა ამოიღეს სამართალდამცავებმა გედენიძის სახლიდან, რადგანაც მარინა ანდღულაძის ცნობით ისინი მარტო იმყოფებოდნენ და “გასაღებიც მათ აქვთ”.

ირაკლი და ნათია გედენიძეების ორი შვილი (12 და 10 წლის) დაკავების დროს მარინა ანდღულაძესთან იმყოფებოდნენ.

11.20: “ნეტგაზეთი”: პროკურატურა ფოტოგრაფების დაკავებაზე ინფორმაციას არ ფლობს

დღეს დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფ გია აბდალაძის მეუღლემ “ინტერპრესსნიუსს”  განუცხადა, რომ  გია აბდალაძეს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება. მისივე ინფორმაციით, პოლიციელები გია აბდალაძის დასაკავებლად დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მივიდნენ. “ყველას გვეძინა, ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები, რომ არსად დაგვერეკა. მოწმედ მეზობელი შემოვიყვანეთ. გაჩხრიკეს ყველა ოთახი, წაიღეს კომპიუტერები – მამაჩემის ლეპტოპი და ბავშვის კომპიუტერი, ასევე, ოჯახის წევრების ყველა მობილური, ყველა კომპაქტდისკი – მუსიკალური თუ სხვა, ასევე “ფლეშკა” და გიას აპარატურა”, – განაცხადა ნეიძემ.

დაკავებულები არიან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, ასევე რამდენიმე საერთაშორისო სააგენტოს ფოტოგრაფები –ევროპის პრეს ფოტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე,  და”ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი.

გია აბდალაძისათვის წაყენებული 314 –ე მუხლი ჯაშუშობის ბრალდებაა, რაც გულისხმობსუცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა.

დანაშაული ჩადენილი ამ მუხლით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას  რვიდან თორმეტ წლამდე.

10.40: ნეტგაზეთი: ვრცელდება ცნობები პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის და მისი მეუღლის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო სააგენტოს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ.

ევროპის პრეს ფოტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე და”ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი არიან დაკავებულები პრეზიდენტის ფოტოგრაფთან ერთად.

ცნობები დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ სააგენტი “ინტერპრესნიუსმა” ფოტოგრაფების ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ოფიციალური ცნობების დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება. არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა არანარირ ინფორმაციას არ ავრცელებს და ამ უწყებების პრესამსახურებიც არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს.

დაკავებულ ფოტორეპორტიორ გია აბდალაძეს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აბდალაძის მეუღლემ ნესტან ნეიძემ განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი